აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

საგანგებო მდგომარეობა ოკუპირებულ აფხაზეთში – ე.წ პრეზიდენტმა, ბჟანიამ “უშიშროების საბჭოს” სხდომა გამართა

ავტომაგისტრალის უკანონო გადაკეტვით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით,ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ “უშიშროების საბჭოს” საგანგებო სხდომა გამართა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, “უშიშროების ძალების ხელმძღვანელებმა უკანონო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს”.

შეგახსენებთ, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობრივი მეთოდებით დაკავებულია სულ მცირე ექვსი ოპოზიციური ფიგურა. როგორც ირკვევა, ოპოზიციის წევრები, გუდაუთის მცხოვრებლებთან შეხვედრიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც “უსაფრთხოების სამსახურის” თანამშრომლებმა ისინი დააკავეს.

გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ოპოზიციონერები მანქანიდან ძალით გადმოიყვანეს და ბორკილები მიწაზე დაწოლილებს დაადეს. ისინი აფხაზეთის მიწების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვას აპროტესტებენ.

დაკავებულები, ამ დროისთვის, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ჰყავთ. ოპოზიციის მხარდამჭერებმა მოსახლეობას პროტესტისკენ მოუწოდეს და გუმისთას და კოდორის ხიდები გადაკეტეს.

ტელეგრამ-არხით გავრცელდა ე.წ. გენერალური პროკურორის, ადგურ აგრბას ვიდეომიმართვა, რომელშიც ის ამბობს, რომ დაკავებულია არა ხუთი, არამედ ოთხი პირი: გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, ომარ ხმირი და რამაზ ჯოპუა.

აგრბას თქმით, ამ პირებმა 11 ნოემბერს, „პარლამენტის“ სხდომაზე „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების” “კანონპროექტის” განხილვის შემდეგ, „პარლამენტის“ ეზოში ერთ-ერთი “დეპუტატის” მიმართ ჩაიდინეს „მართლსაწინააღმდეგო ქმედებები“, რასაც თან ახლდა „უცენზურო ლანძღვა“. აგრბას ინფორმაციით, დაკავებულები ადგილობრივი “შსს-ს” დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან და მათ მიმართ მიმდინარეობს „პროცესუალური შემოწმება“.

ერთ-ერთი ტელეგრამ არხის ცნობით, ამ დროისათვის კოდორის ხიდი გახსნილია. წინასწარი ინფორმაციით, აქციის მონაწილეებთან ე.წ. დეპუტატი ბესლან ემურხბა და ოჩამჩირის რაიონის “გამგებელი” ბესლან ბიგვავა მივიდნენ და ახლობლებს დაპირდნენ, რომ უახლოეს მომავალში დაკავებულებს გაათავისუფლებდნენ, რადგან არ არსებობს მათი პატიმრობაში დატოვების არანაირი მტკიცებულება. მათ ამ დაპირებაზე პასუხისმგებლობა აიღეს და სანაცვლოდ , აქციის მონაწილეებს გზის გახსნა სთხოვეს.

იტვირთბა....