ახალი ამბები პოლიტიკა

„ამ ადამიანების განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს” – კახა კალაძე ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების ვიზიტზე

“ამ ადამიანების განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს. უსაქმური ადამიანები არიან, რომლებიც ხან ერთ ქვეყანაში ჩადიან, ხან მეორეში” – ასე შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტი.
„ამ ადამიანების განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს. ეს არიან უსაქმური ადამიანები, რომლებიც ხან ერთ ქვეყანაში ჩადიან, ხან მეორეში. ჩვენ გვახსოვს, როცა ისინი ოპოზიციის აქციების დროს ჩამოვიდნენ, მათ შორის, ისინი სიტყვითაც გამოვიდნენ. ამ ადამიანებმა რით დაამახსოვრა თავი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას – სიცრუით. იმ სიცრუის პროპაგანდას, რასაც ჩვენ ვისმენდით ამ დროის განმავლობაში დღესაც აგრძელებენ. შესაბამისად, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ეს ადამიანები რას წარმოადგენენ და ვინ არიან. მათ განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვთ.
ევროპა, ევროკავშირი სხვადასხვა ღირებულებებზე არის დაფუძნებული. რამდენიმე ღირებულებაა, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი არის მშვიდობა. შესაბამისად, ეს ადამიანები გველაპარაკებიან ევროპის სახელით და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, დაძაბულობა. არა მხოლოდ ახლა, არამედ ზოგადად ადრეც. თუ გავიხსენებთ რამდენიმე თვის წინ რა განცხადებებს აკეთებდნენ, ჩვეულებრივი მავნებლები არიან. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ! ეს ადამიანები პატივს არ სცემს ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოებრიობას, ქართველ ხალხს. შესაბამისად, ასეთი ადამიანების განცხადებებს, ქმედებებს – ყველაფერს აქვს ჩალის ფასი. ასე რომ, ზურაბიშვილი და სხვა წვრილფეხა პოლიტიკოსები, რადიკალები, რომელიც ქვეყნის შიგნით არიან, რომლებიც ოპოზიციურ ფრთას წარმოადგენენ. ესენი ყველანი ერთნი არიან. გარედანაც ვინც აკეთებს განცხადებებს ერთნი არიან და ერთი ფრთის ქვეშ არიან, ერთი პატრონი ჰყავთ.
ჩვენ რამდენიმე თვის წინ მოვისმინეთ ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირების განცხადება, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებს არ შეხვდებოდნენ. თუ იგივე კონტექსტში ვსაუბრობთ, ეს საბჭოურია. ეს საბჭოური მიდგომა და დამოკიდებულება მოდის ამ რადიკალებისგან, რომლის ნაწილი დღეს საქართველოში არის და რომლის განცხადებებს ჩვენ გარედან ვისმენდით” – განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....