საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი ოქმების გაბათილებაზე საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. საარჩევნო ადმინისტრაციაში კოალიციების “ძლიერი საქართველოსა” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” და ასევე ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივრებს განიხილავენ, რომელიც არჩევნების ტოტალური გაყალბების, ამომრჩევლების დაშინების, მოსყიდვის და ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევის გამო, 73 ოლქის შედეგების გაბათილებას ითვალისწინებს.
როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა განმარტა, ცესკოს 11 წევრის მხარდაჭერა რომ არა, 95 ათასზე მეტ ამომრჩეველს უცხოეთში არ ექნებოდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამასთან, განმარტა, რომ საზოგადოებამ დაინახა აქცენტების შემოტანა, თითქოს ოპოზიციის მხარდაჭერით განხორციელდა 60 საარჩევნო უბნის შექმნა.
„რომ არა 11 წევრის მხარდაჭერა, 95 ათასზე მეტ ამომრჩეველს უცხოეთში არ ექნებოდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. რომ არა ჩვენი გადაწყვეტილება და მათ შორის თქვენიც, ამ ნაწილს არ დაგიკარგავთ, დამატებით 7 უბანი არ შეიქმნებოდა. ეს არის რეალობა. რომ არა კომისიის შესაბამისი წევრების მხარდაჭერა, 67 საარჩევნო უბანი არ შეიქმნებოდა“,- აღნიშნა კალანდარიშვილმა, რის საპასუხოდაც ოპოზიციის წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ მიმართა, რატომ არ შეიქმნა 67-ზე უფრო მეტი უბანი.
ამასთან, კალანდარიშვილმა განმარტა, რომ ცესკოს მიზანი პოლიტიკური შედეგი არ არის, მათი მიზანია არჩევნების ადმინისტრირება.
„მესმის, არ მოგწონთ რასაც გეუბნებით, მაგიტომ გამოიწვია თქვენი აღელვება. მესმის ღელვის და აღშფოთება, არ მოგწონთ, როდესაც სიმართლეს გეუბნებით. ჩვენი მიზანი პოლიტიკური შედეგი არ არის, ჩვენი მიზანია არჩევნების ადმინისტრირება. სხვაგან გადადიხართ, სადაც არგუმენტები არ გაქვთ“,- აღნიშნა კალანდარიშვილმა.