კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა.
საქმე არჩევნების სავადაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას ეხება.
ჯაფარიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე 5 ნოემბერს დაიბარეს. მან უწყებაში მისვლაზე უარი თქვა და გამოკითხვა მაგიტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა.
“ვინმეს სჯერა, რომ პროკურატურა რამეს გამოიძიებს?! – ესეც არის არჩევნების გაყალბების გაგრძელება, რომ ჩვენ გვთხოვს მტკიცებულებების მიტანას პროკურატურა, რომელსაც თვითონ უნდა ეძებდეს”, – განაცხადა ჯაფარიძემ დაკითხვის შემდეგ.
მისი თქმით, სოციალური მედია სავსეა მტკიცებულებებით და თუ ვინმეს რეალურად აინტერესებს ნახვა, მაგის პრობლემა არ არის.
„კითხვები ჰქონდათ ძირითადად ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც მე ჩავწერე, სადაც ვყვები გაყალბების სქემებზე და აინტერესებდათ მტკიცებულებები. რამდენჯერმე მომიწია მითითება ვებ-გვერდების მისამართებზე, სადაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, არა მხოლოდ პროკურატურას, შეუძლია ნახოს მტკიცებულებების წყება, თუ რა ხდებოდა არჩევნების დღეს. შესავალ სიტყვაში ავხსენი, ზოგადად, წინასაარჩევნო გარემოს ჩათვლით, საერთოდ როგორ მოხდა საქართველოს მოქალაქეების ნების და არჩევანის მიტაცება. დანარჩენი კითხვები იყო მეტწილად ტექნიკური ხასიათის, სადაც ძირითადად მიწევდა მითითება სხვადასხვა ვებ-გვერდებზე. ზღვა მასალა არის განთავსებული სხვადასხვა ვებ-გვერდებზე და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ნახოს. თუ ვინმეს რეალურად აინტერესებს ნახვა, მაგის პრობლემა არ არის. სინამდვილეში, არჩევნების გაყალბება არ არის მარტო არჩევნების დღეს, არჩევნები გაყალბება არის წინასაარჩევნო პერიოდშიც და ახლა რასაც ვაკეთებთ, აქ რომ ვდგავარ და მიწევს სიარული და კითხვებზე პასუხების გაცემა, ესეც არჩევნების გაყალბების გაგრძელებაა. ვინმეს სჯერა, რომ პროკურატურა რამეს გამოიძიებს?! ესეც არის არჩევნების გაყალბების გაგრძელება, რომ აქეთ ჩვენ გვთხოვს მტკიცებულებების მიტანას პროკურატურა, რომელიც თვითონ უნდა ეძებდეს ამ მტკიცებულებებს და რომლითაც სავსეა მთელი მედია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
იტვირთბა....