დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის ცნობით, კამალა ჰარისი ამ ღამით მხარდამჭერებს სიტყვით არ მიმართავს.
“ბიბისის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოქალაქეების ნაწილმა კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბი და მხარდამჭერთა შეკრების ადგილი დატოვა.
მედიის ცნობით, მხარდამჭერებმა შეკრების დატოვება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ცნობილი გახდა ორი ე.წ. მერყევი შტატის – ჩრდილოეთ კაროლინისა და ჯორჯიის წინასწარი შედეგები, რომელთა თანახმადაც აღნიშნულ შტატებში დონალდ ტრამპი იმარჯვებს.
ამასთან, დონალდ ტრამპს ფლორიდაში, უესთ პალმ ბიჩში გახსნილ საარჩევნო შტაბში ელოდებიან, სადაც ის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავს. ადგილზე, რესპუბლიკელი კანდიდატის სხვა მომხრეებთან ერთად, იმყოფება მილიარდერი ილონ მასკი, რობერტ კენედი უმცროსი და ტულსი გაბარდი.