ახალი ამბები

რამდენად სწორად მოქმედებს ოპოზიცია არჩევნების შემდგომ? – პოლიტოლოგის შეფასება

რამდენად სწორად მოქმედებს ოპოზიცია არჩევნების შემდგომ და უნდა გაერთიანებულიყვნენ თუ არა პოლიტიკური პარტიები წინა საარჩევნოდ? – აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით “მეტრონომი” პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ ჩანდეს ის პროცედურები, რომლითაც თავიანთი მიზნების მიღწევას შეეცდებიან, რაც ჯერ ცნობილი არ არის.

– რა შეცდომები დაუშვა წინასაარჩევნოდ ოპოზიციამ? უნდა გაერთიანებულიყვნენ თუ არა პოლიტიკური პარტიები?

ოპოზიცია მაქსიმალურად გაერთიანდა. ვფიქრობ, კოალიციის ყველაზე ნორმალურ კონფიგურაციას წარმოადგენდა. სხვა სახის კავშირი თითქმის შეუძლებელი იყო, რამდენადაც ბევრისთვის მიუღებელია კოალიციაში “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად ყოფნა. გარდა ამისა, თვითონ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გუნდში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არ უნდოდათ მათთან და გამოეყვნენ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეცდომა, რომელიც ოპოზიციამ დაუშვა არის ის , რომ მათ არ უმუშავიათ ინდივიდუალურად ამომრჩეველთან, რასაც აკეთებდა “ქართული ოცნება”. საერთოდ არ ჩანდა ოპოზიცია, მაშინ როდესაც ვხედავდით “ქართული ოცნების” კოორდინატორების მხრიდან აქტიურობას . მათ ხელიდან გაუშვეს ინდივიდუალურ-პერსონალური მუშაობის შესაძლებლობა, რაც ქართულ ოცნებამ კარგად გამოიყენა და დაშინების გზით მოახერხა ინდივიდუალურ-პერსონალური ურთიერთობის დამყარება საზოგადოებასთან.

– როგორ შეაფასებდით ოპოზიციის მოქმედებას არჩევნების შემდგომ? დღეს დაანონსებულ აქციაზე რას გვეტყვით?

რა თქმა უნდა, აქციები მნიშვნელოვანია, მაგრამ ხალხი არ უნდა დაღალონ. აუცილებელია, რომ ჩანდეს ის პროცედურები, რომლითაც თავიანთი მიზნების მიღწევას შეეცდებიან, რაც ჯერ ცნობილი არაა – საზოგადოება ვერ ხედავს რა მიზანი აქვთ და როგორ აპირებენ ამის მიღწევას – ეს კი დამაბნეველია ამომრჩევლისათვის. პირადად მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ვთვლი, რომ ყველაზე ლეგიტიმური დრო არის ადგილობრივი არჩევნები. შესაძლებელია ადგილობრივი და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დამთხვევა, რაც გულისხმობს იმას, რომ წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიებმა გაინაწილონ რეგიონები. იმ შემთხვევაში თუ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოიაზრებენ, ადგილობრივ არჩევნებამდე , უნდა ითქვას და თუ საერთოდ ვერ ახერხებენ სჯობს, რომ მთელი ყურადღება გადაიტანონ ადგილობრივ არჩევნებზე, რადგან “ქართული ოცნება” ემზადება უკვე. ერთი მხრივ გასაგებიცაა ის ფაქტი, რომ არ ჩანს მათი გეგმა, რადგან არ გამოუქვეყნებია საბოლოო შედეგები “ცესკოს” და პრეზიდენტს არ დაუწყია მოქმედება პარლამენტის მოწვევასთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯერ კიდევ არსებობს ცარიელი სივრცე და მარტო აქციებით ფონს ვერ გავლენ. ვერ ვიტყვი, რომ დღევანდელი აქცია საჭიროა, სჯობს მასშტაბური აქციები დაემთხვეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. თუ პრეზიდენტი არ იწვევს საკანონმდებლო ორგანოს, სწორედ იმ დღეს უნდა იყოს დაიგეგმოს მასობრივი საპროტესტო აქცია, როცა “ქართული ოცნება” პარლამენტში შეიკრიბება.

იტვირთბა....