რუსთაველზე, საღამოს 7 საათზე დაგეგმილი საპროტესტო აქციის ბოლო დეტალებს ოპოზიცია ამ წუთებში ათანხმებს. კონსულტაციები “ლელოს” ოფისში მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე გახდა ცნობილი, 17:00 საათზე, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, სადგურის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ, მსვლელობას მოაწყობენ.
“5 საათზე შეკრება შედგება სადგურის მოედანზე და მსვლელობით დავიძვრებით; 7 საათზე უკვე ველოდებით მოქალაქეებს საქართველოს პარლამენტთან” – განუცხადა ჟურნალისტებს “ძლიერი საქართველოს” წევრმა, ირაკლი კუპრაძემ.
კონსულტაციებს სამი მსხვილი გაერთიანება – “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” და “ძლიერი საქართველო” მართავს. შეხვედრას გახარიას გუნდი არ ესწრება, თუმცა დღევანდელ აქციას ისინიც უერთდებიან.
ოპოზიციის სამომავლო გეგმების შესახებ კი სწორედ საღამოს გახდება ცნობილი.
“არჩევანი არის მოპარული, მოპარულია მომავლის არჩევანი, ევროპული არჩევანი და ამასთან შეგუებას არავინ რომ არ აპირებს ესეც ცხადზე უცხადესია. გამარჯვება დარჩება და დაუბრუნდება ქართველ ხალხს. ამ მიზნის მიღწევას რა ღონისძიებების გატარებაც დასჭირდება და რა ნაბიჯების გადადგმაც დასჭირდება, ყველა ღონისძიება იქნება ჩატარებული” განაცხადა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.