პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახს მრავალმილიონიანი ქონება ეკუთვნის საქართველოში, რუსეთსა და საფრანგეთში. უშუალოდ ივანიშვილის სახელზე კი მხოლოდ სოფელ ჭორვილაში არსებული სახლებისა და მიწების ნაწილია.
რა ქონებას ფლობს ოფიციალურად ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი – ამის შესახებ მან ჩაწერა 2024 წლის 4 ოქტომბერს დეკლარაციაში, რომელიც მან, როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატმა, შეავსო. ის პარტია „ქართული ოცნების“ სიის #1-ია.
დოკუმენტი რადიო თავისუფლებამ ანტიკორუფციული ბიუროდან გამოითხოვა.
ქონება საქართველოში
მისი და მისი ცოლის, ეკატერინა ხვედელიძის სახელზეა რეგისტრირებული 20-მდე მიწის ნაკვეთი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში და ამავე სოფელში ოთხი საცხოვრებელი სახლი. ჯამში მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები 180 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება, რაც რამდენჯერმე აღემატება დინამოს სტადიონს. ხვედელიძის სახელზეა გაფორმებული ამავე მუნიციპალიტეტში, სოფელ საირხეში 5,6 ათასი კვადრატული მეტი მიწა.
ბიძინა ივანიშვილის ცოლს ეკუთვნის 5,5 ათასი კვადრატული მეტრი მიწა საგურამოში, თბილისში, კრილოვის ქუჩაზე მდებარე 116 კვადრატული მეტრის ზომის ბინისა და სარდაფის ნაწილი.