საქართველოს არჩევნები რუსეთის ჩარევის ნათელ კვალს ატარებს, რასაც საერთაშორისო, საგანგებო გამოძიება სჭირდება – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
“ამ სიუჟეტებში მრავლობითი სქემებია ახსნილი სწორედ დანაშაულებრივი მოქმედებების შესახებ, რომელზეც ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ პირველივე საათებში ვსაუბრობდით, როდესაც ნათელი გახდა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მიიტაცა რუსმა ოლიგარქმა რუსული სპეცოპერაციის მეთოდებით და ქართველი ხალხის ნება გააყალბა. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული რუსეთის ჩარევის ნათელ კვალს ატარებს საქართველოს არჩევნებში და ასევე, მრავლობითი დანაშაულების, რასაც საერთაშორისო, საგანგებო გამოძიება სჭირდება. ეს ვერ და არ იქნება გამოძიებული „ქართული ოცნების“ ჯიბის პროკურატურის მხრიდან ორი მიზეზის გამო: პირველი, ადამიანები, რომლებიც ამ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობდნენ, ნათელია, რომ ჰქონდათ დაუსჯელობის აბსოლუტური გარანტია და განცდა. სხვა შემთხვევაში, ამ დანაშაულებრივ სქემაში არცერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი მონაწილეობას არ მიიღებდა“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა.