აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გაიცა”- ნათია იოსელიანი

საარჩევნო ადმინისტრაციის პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის თქმით, რუსული მედიაორგანიზაციის წარმომადგენელზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გაიცა. იოსელიანი საუბრობს აშშ-ს მიერ ძებნილ, ვაგნერის ჯგუფთან დაახლოებულ რუს პროპაგანდისტ ალექსანდრ მალკევიჩზე.

ამასთან, ნათია იოსელიანი დეზინფორმაციას უწოდებს გავრცელებულ ცნობებს, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილისა და ალექსანდრ მალკევიჩის პირადი ნაცნობობის შესახებ.

“ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ რუსული მედიაორგანიზაციის წარმომადგენელზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით არის გაცემული. ცესკოს არ აქვს არც უფლებამოსილება და არც წვდომა, ამა თუ იმ პირის სამართლებრივ სტატუსზე, რაც არ განეკუთვნება მის უფლებამოსილების ფარგლებს.

ეს ცნობილია დაინტერესებული მხარეებისთვის და ალბათ, სწორედ ამ დეზინფორმაციის გასამყარებლად გაავრცელეს დოკუმენტი თითქოს, ცესკოს თავჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი ვინმე ალექსანდრ მალკევიჩთან ერთად რუსეთში სწავლობდა. დაზუსტებით შეგვიძლია გითხრათ, მათ ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ, კალანდარიშვილს არასდროს უსწავლია რუსეთში” – ამბობს იოსელიანი.

ტაბულას ცესკოში უთხრეს, რომ არ აქვთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, იმყოფებოდა თუ არა მალკევიჩი არჩევნების დღეს საქართველოში ან საარჩევნო უბნებზე. საარჩევნო კომისიის ცნობით, რუს პროპაგანდისტს კომისიასთან კომუნიკაცია აკრედიტაციის მიღების შემდეგ არ ჰქონია.

საერთაშორისო ორგანიზაციის, რეპორტიორები საზღვრების გარეშე-ს (RSF) ინფორმაციით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში საქართველოში აშშ-ის მიერ ძებნილი და ვაგნერის ჯგუფთან დაახლოებული რუსი პროპაგანდისტი, ალექსანდერ მალკევიჩი იმყოფებოდა.

წყარო: tabula.ge

იტვირთბა....