საქართველოში ვიზიტით მყოფმა, უნგრეთის პრემიერმინისტრმა და პუტინის მოკავშირე ვიქტორ ორბანმა პრემიერ კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უნგრეთიდან გამოგზავნილი დამკვირვებლების ანგარიშით, საქართველოში “დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები ჩატარდა”.
ორბანმა კობახიძეს კიდევ ერთხელ, ამჯერად ტრიბუნიდან მიულოცა “გამარჯვება” და აღნიშნა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით დავა და კამათი სულ იქნება ევროპაში, თუმცა ქართველმა ხალხმა ეს სერიოზულად არ უნდა აღიქვას.
ორბანმა “ოცნების” რუსული პროპაგანდისტული მესიჯიც გაახმოვანა “ლიბერალებისა” და “კონსერვატორების” შესახებ:
“ჩვენ უნგრელები ასევე ვაგზავნით ხოლმე არჩევნებში ჩვენ დამკვირვებლებს და საქართველოშიც ასე იყო. მე შევისწავლე ის ანგარიში, რომლებიც უნგრელმა დამკვირვებლებმა წარმოადგინეს, ყველა ასპექტით იყო პოზიტიური. თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შესახებ იყო საუბარი ამ ანგარიშში და ამიტომ მინდა მივულოცო საქართველოს პრემიერმინისტრს ამის გამო…
უნგრეთის პრემიერმინისტრის რანგში, რომელსაც ბევრი დავა მომიგია მინდა გითხრათ, რომ მომავალშიც იქნება კამათი, მომდევნო ორი დღის განმავლობაში, მაგრამ ეს ისე უნდა იქნას მიღებული, როგორც ხდება აქამდე. არჩევნების შედეგები უდავოა, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, მაგრამ დავა და კამათი მაინც იქნება ევროპაში. თქვენ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ, იმიტომ, რომ ეს ჩვეული ამბავია, კამათი არსებობს მსგავსი სახის, ბრიუსელში ეს ყოველთვის ასეა, როდესაც თავის არსით კონსერვატიული პარტიები იგებენ, ჩვენ ყოველთვის ვხედავთ ასეთ კამათს იმიტომ, რომ ევროპული პოლიტიკა არის სახელმძღვანელოზე დაფუძნებული – თუ ლიბერალები იმარჯვებენ, მაშინ დემოკრატია არისო, თუ კონსერვატორები იმარჯვებენ მაშინ დემოკრატია არ ყოფილა.” თქვა ორბანმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის 13-მა მინისტრმა საერთო განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ვიქტორ ორბანი საქართველოში ევროკავშირის სახელით არ საუბრობს.