“რესპუბლიკური პარტიის” განცხადება, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებენ მონაწილეობის მიღებას წინასაარჩევნო პერიოდი ზომაზე მეტად დაძაბა. “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის თავმჯდომარე ამ პროცესს დემოკრატიულს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველო ერთპარტიული მმართველობის წინაშე აღარ უნდა დადგეს.
“დღეს ბევრი სვამს კითხვას, როგორ უნდა მოვახერხოთ, მე და ბატონმა გიორგიმ, ან “რესპუბლიკური” და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა თან პარტნიორობა და თან კონკურენტობა, როგორ და ასე, იმიტომ, რომ სხვანაირად ევროპული დემოკრატია წარმოუდგენელია. სხვანაირად თუ ყველა კოალიცია არჩევნებს რომ მიუახლოვდება, ჩამოიშლება, მთავრობა წავა-წამოვა, უმრავლესობა დაიშლება, როგორ წარმოგვიდგენია მრავალპარტიული ცხოვრება? მაშინ ისევ ერთპარტიულობისკენ მივექანებით, რომ ერთი პარტია უნდა მართავდეს და სხვას არ უნდა ესაქმებოდეს”. – აცხადებს უსუფაშვილი.
რაც უსუფაშვილს ევროპული პოლიტიკის ქართული ანარეკლი ჰგონია, “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერისთვის, ირაკლი ალასანიასთვის “რესპუბლიკელების” გუშინდელი განცხადება მმართველი კოალიციის დაშლას ნიშნავს.
“კოალიცია დაშლილია და ეს, პრაქტიკულად, გაფორმდა. ისინი განწირულნი არიან დამარცხებისთვის, საზოგადოებამ დაინახა, რომ ისინი იმის ნაცვლად, რომ მათი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავდნენ, კვოტების და თანამდებობის გაყოფაზე არიან გადასულები.“ – ამბობს ალასანია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბრისას.
“რესპუბლიკელების” განცხადებას მალე მოჰყვა კოალიციაში შემავალი კიდევ ერთი სუბიექტის “ეროვნული ფორუმის” განცხადებაც. აღმოჩნდა, რომ “ფორუმიც” დამოუკიდებლად აპირებს 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას.
“რესპუბლიკელებმა” და ოცნებამ დაგვასწრეს გადაწყვეტილების მიიღება, ჩვენი ყრილობის დღის წესრიგი შეიცვლება. უცხადესია, რომ “ფორუმი” არჩევნებში ცალკე გავა. მთავარი კითხვა და აქცენტი დარჩა, დავრჩებით თუ არა კოალიციაში. თუ არ დავრჩებით კოალიციაში, შესაბამისად, უმრავლესობაშიც აღარ დავრჩებით”. – აცხადებს პარტიის ლიდერი გუბაზ სანიკიძე.
რა ელის კოალიცია “ქართულ ოცნებას” და რა შესაძლებლობები აქვს მას 2016 წლის არჩევნებზე?
“მეტრონომთან” საუბარში პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ “რესპუბლიკური პარტიის” წასვლის შემდეგ “ქართული ოცნება” ჩვეულებრივ პრორუსულ ძალად გავა არჩევნებზე. შარაშენიძე თვლის, რომ ამ პარტიას არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება.
“ქართული ოცნება” არის ბიძინა ივანიშვილი, “რესპუბლიკელები” და “ფორუმი” მესამეხარისხოვანი იყო. რა შანსები აქვთ ახალა? ვფიქრობ იგივე, რაც რამდენიმე თვის წინ ჰქონდა. “რესპუბლიკელები” უფრო მეტ ხმას აკარგვინებდნენ ოცნებას, რადგან მათი ამომრჩევლის დიდ ნაწილს შეადგენს ის ხალხი, რომელთაც “რესპუბლიკელები” არ უყვართ, არ უყვართ ლიბერალური ფასეულობები და ა.შ. წინასაარჩევნოდ ოცნებამ საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება უნდა მოახდინოს და მობილიზაციას ვერ მოახდენს თუკი ეყოლება “რესპუბლიკელები” კოალიციაში. ასე რომ, ძალიან მარტივად მოიშორეს ეს ადამიანები თავიდან. რაც შეეხება შირმას, რომლის როლსაც “რესპუბლიკელები” ასრულებდენენ. პროდასავლურია “რესპუბლიკური პარტია” და კოალიციაც პროდასავლურია, თუმცა გამოიკვეთა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. ესენი ახერხებენ ურთიერთობის დალაგებას დასავლეთთან. ივანიშვილისთვის ახლა მთავარია, რომ ურთიერთობა დაალაგოს დასავლეთთან იმ დონეზე, რომ მათ სერიოზული ეჭვები არ გაუჩნდეთ კურსთან დაკავშირებით. ამ პრობლემას აგვარებს ეს ორი ადამიანი და “რესპუბლიკელები” მაინცდამაინც აღარ სჭირდება. მით უმეტეს, რომ არცერთ “რესპუბლიკელს” უცხოელებთან დიპლომატიური მუშაობის სერიოზული გამოცდილება არ ჰქონდა. ამ მხრივ თავი ვერც თინა ხიდაშელმა ვერ გამოიჩინა”.
– დიდი ხანი არ არის რაც მინისტრია
– “მაგრამ შეცდომები დაუშვა. პირველ რიგში რაც გააკეთა იყო ის, რომ წავიდა ბრიუსელში და ულტიმატუმი წაუყება ნატოს გენერალურ მდივანს, მაპი მოგვეცით თორემ ჩვენ წავალთ რუსეთისკენო. როგორც ჩანს არ იცოდა, რომ ნატოს გენერალური მდივანი მაპს არ იძლევა და მაპს იძლევიან ნატოს წევრი სახელმწიფოები. ანუ წინასაარჩევნოდ, პარტია “ქართული ოცნება” დაკომპლექტებული იქნება ნაციონალისტებით და მათ შორის შავბნელი ნაციონალისტებითაც. თუ დაიმატებენ რამდენიმე ახალ ნორმალურ სახეს ეს მათ წაადგებათ, რადგან ბოლო დროს მათი სახე მეჭიაური და ლორთქიფანიძე გახდა”. – აცხადებს შარაშენიძე.
– ანუ თქვენ ამბობთ, რომ წინასაარჩევნოდ ირმა ინაშვილის “პატრიოტა ალიანსს” შეიძლება უფრო წაართვან ამომრჩეველი, ვიდრე სხვა ძალებს?
– “დიახ ასე იქნება, თუმცა ინაშვილი გამოკვეთილად პრორუსული ძალაა, ვიდრე “ქართული ოცნება” იქნება. ფაქტია, რომ ისინი უფრო დაუახლოვდებიან ინაშვილს ვიდრე სხვა პროდასავლურ, თუნდაც ალასანიას პარტიას”. – ამბობს შარაშენიძე.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ მმართველი კოალიცია უმრავლესობას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვერ მიიღებს და სავარაუდოდ ევროპის მსაგავსად საკანონმდებლო ორგანოში მოხდება მათი გაერთიანება.
“უმრავლესობას მმართველი ძალა ვერ მიიღებს და წესით გაერთიანება პარლამენტში მოხდება. თუ “ქართული ოცნება” ბურჯანაძესთან, ან ინაშვილთან გაერთიანდა, მაშინ ყველაფერი გასაგები იქნება. დარწმუნებული ვარ ბურჯანაძეც და ინაშვილის პარტიაც ზღვარს გადალახავს. წინასაარჩევნოდ არცერთ პარტიას არ ექნება შანსი მიიღოს ნახევარზე მეტი, თუმცა უნდა აღვნიშნოთ რომ ბოლო დროს ისეთ მოვლენებს ვადევნებთ თვალს, რომ შესაძლოა არჩევნებამდე ბევრი რაღაც მოხდეს.
-რას გულისხმობთ?
-“თქვენც ხომ ხედავთ ვიდეოების გამოქვეყნების პროცესს… ამას ისეთი პროტესტი მოჰყვა მთავრობის მიმართ, რომ გამორიცხული არ არის, ხელისუფლების კიდევ უფრო დისკრედიტაცია მოხდეს. ისინი უშვებენ ისეთ შეცდომებს, რომელიც მარტო მათთვის კი არ არის ცუდი, არამედ ქვეყნისთვისაც. ქაოსისკენ თუ წავიდა სიტუაცია მთავრობა დაზარალდება ყველაზე მეტად. ასეთი მობილიზაცია მთავრობის წინააღმდეგ რაც იყო ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, ადრე არასდროს არ ყოფილა. ეს მობილიზაცია სამოქალაქო საზოგადოებამ მოახდინა”.
შარაშენიძე დარწმუნებულია, რომ ფარული ჩანაწერები “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმოამდგენლების გადაღებულია.
“ცხადია, რომ წინასაარჩევნოდ ვიღაც განგებ აკეთებს ამ ჩანაწერების გასაჯაორებას და ეს ვიღაც ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებთან. თუმცა, ვფიქრობ, ამ პროცესებში პრემიერი არ მონაწილეობს. კონკრეტულად ვინ არიან ეს ადამიანები, სამწუხაროდ, ჩვენ ალბათ დიდხანს კიდევ ვერ გავიგებთ. ჩვენ მოვისმინეთ პროკურატურის ბრიფინგი, საიდანაც ვერაფერი ვერ გავიგეთ. აქედან გამომდინარე შანსი დიდია, რომ არჩევნებამდე ვერ გავიგოთ ამ ჩანაწერებს ვინ აქვეყნებს. ფაქტია, ეს კადრები ახლაა ჩაწერილი და პირველ ვიდეოში ეს აშკარად ჩანდა, დეტალებში არ შევალ .” – აცხადებს შარაშენიძე.
“მეტრონომთან” საუბარში “ქართული ოცნების” აღმასრულებელი ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტიის ცალკეულ წევრთა ევროკავშირ-ნატოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადების და “რესპუბლიკური პარტიის” მიერ არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლის გადაწყვეტილების მიუხედავად, მმართველი ძალის არჩევანი ევროპული კურსია.
“ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია არის „ქართული ოცნების“ გაცხადებული მიზანი და ჩვენ ბოლომდე ამ მიზნის ერთგული დავრჩებით. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენი პარტია არის საქართველოს დასავლური კურსის გარანტი. „ქართული ოცნების“ საერთაშორისო კურსთან დაკავშირებით კითხვის ნიშნის დასმა არის თითიდან გამოწოვილი თემა და მას არავითარი საფუძველი არა აქვს”. – აცხადებს კობახიძე.
“მეტრონომის” კითხვაზე აპირებს თუ არა პარტია წინასაარჩევნოდ განახლებას და კონკრეტულად ვინ არიან ის ადამიანები, ვინც მმართველ ძალასთან ერთად ცდის ბედს საპარლამენტო არჩევნებზე, პარტიის მდივანი ამ ეტაპზე თავს იკავებს ამ პირების დასახელებისგან.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი „ქართულ ოცნების“ ერთ-ერთი ახალი სახე სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე სოფო ხორგუანი იქნება. ახალი სახეები იქნებიან ასევე „2030“-ის წევრებიც. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა.
“ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პარტიის გაძლიერებაზე, მათ შორის პარტიაში ახალი სახეების მოზიდვაზე. საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ ამომრჩევლის წინაშე წარვსდგებით ისეთი სიით, რომელთან დაკავშირებითაც კითხვის ნიშნები არ დაისმება. ამ პროცესის შედეგებს ეტაპობრივად გავაცნობთ საზოგადოებას. საბოლოო სახით საპარლამენტო სიას ამომრჩეველს, ბუნებრივია, არჩევნების დანიშვნის შემდეგ წარვუდგენთ. ჩვენი მიზანი „ქართულ ოცნებაში“ გამორჩეული განათლების, გამოცდილების, თვისებებისა და სუფთა წარსულის მქონე ადამიანების მოზიდვაა. ეს არის ის ძირითადი კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც გუნდის ახალ წევრებს შევარჩევთ. რაც შეეხება სახელებსა და გვარებს, ჯერჯერობით ეს ჩვენ შიდა სამზარეულოდ რჩება და მათი დაკონკრეტებისგან თავს ვიკავებთ”. – აცხადებს „მეტრონომთან“ კობახიძე.
შარაშენიძესგან განსხვავებით, არჩევნებზე გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს “ქართულცოცნებას” პოლიტოლოგი და “2030”-ის წევრი არჩილ გამზარდია. ანალიტიკოსი წინასაარჩევნოდ გარკვეულ გათვლებსაც აკეთებს და აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” იმის მესამედსაც ვერ აიღებს, რაც 2012 წელს მოაგროვა.
“ქართული ოცნების” შანსები, განსხვავებით წინა არჩევნებისგან, დიდია. ასევე დიდი შანსი აქვთ სხვა პარტიებს. აღსანიშნავია, რომ მმართველი ძალა იმ რაოდენობის ხმებს ვეღარ მიიღებს, რაც 2012 წელს მიიღო, თუმცა “ნაციონალური მოძრაობა” იმის მესამედით შევა 2016 წელს პარლამენტში, რაც დღეს აქვს. დაახოლებით 12-15% პროცენტს მიიღებს სავარაუდოდ “ნაციონალური მოძრაობა” და დანარჩენი პარტიები იმ ორი მესამედის სივრცეში განთავსდებიან, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” გამოათავისუფლებს. ამის შესაძლებლობა ბევრ პარტიას აქვს, მათ შორის ალასანიას პარტიას, “პატრიოტთა ალიანსს”, თუმცა, ამ უკანასკნელი ხმების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს, რადგან ისინი სავარაუდოდ “ქართულ ოცნებას” მისცემენ ხმას, მას შემდეგ რაც “რესპუბლიკელებმა” დატოვეს კოალიცია. შანსი აქვს “რესპუბლიკურ პარტიასაც”, რადგან მათ საკმაოდ დიდი ზეგავლენა გააჩნიათ საკანონმდებლო ორგანოზე, აქვთ კონტაქტები და ა.შ.
ძალიან მნიშვნელოვანია ვინ იქნებიან “ქართული ოცნების” ახალი სახეები. “2030”-ის წევრი ახლაც ვარ , თუმცა პროექტი დამთავრდა. მინდა ვთქვა, რომ იქ ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი და სპეციალისტია. იქ არიან ადამიანები, რომელთაც საზოგადოება კარგად არ იცნობს. რამდენად კარგად და დროულად მოახდენენ ამ ადამიანების საზოგადოებისთვის გაცნობას, შესაბამის „პრომოუშენის“ გაწევას, რთული სათქმელია. ეს აუცილებელი პირობაა, იმისთვის, რომ მომხმარებელმა, ამომრჩეველმა იცოდეს რა პროდუქტს აძლევს ხმას”. – აცხადებს გამზარდია.
რაც შეეხება პარლამენტის შიგნით კოალიციის შექმნის საკითხს, გამზარდია მიიჩნევს, რომ ეს კიდეც ერთი მნიშვნელოვანი ევროპული პრეცედენტი იქნება ქართულ პოლიტიკაში.
“ჩვენ პოლიტიკური თვალსაზრისით სიახლეები ისედაც გვქონდა, თუნდაც კოაბიტაცია, როგორც თანამმართველობა. თუ კლასიკური კოალიცია შეიქმნება, ანუ პარტიები დამოუკიდებლად გავლენ არჩევნებზე და შემდეგ გაერთანდებიან ეს მნიშვნელოვანი სიახლე იქნება.” – ამბობს გამზარდია.
არის თუ არა კოალიციიდან პარტიების გადინების პროცესი ჯანსაღი პოლიტიკის ნაწილი, ან შეძლებს თუ არა პარტია “ქართული ოცნება” არჩევნებში გამარჯვებას ამას რამდენიმე თვეში გავიგებთ. სავარაუდოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძვრები კოალიციაში აღარ იქნება. თუმცა, საინტერესო მაინც ის არის, ექნება თუ არა რომელიმე პოლიტიკურ დაჯგუფებას უმრავლესობა მომავალ პარლამენტში, ასევე ის, თუ რომელი პოლიტიკური გუნდი სართოდ ვერ გადალახავს პარლამენტში მოხვედრისთვის საჭირო ზღვარს…
მარიამ ვარადაშვილი