პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს – შეიკრიბება თუ არა პარლამენტი იმ შემთხვევაში თუ უმაღლესი მთავარსარდალი არ მოიწვევს პირველ სხდომას? – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მეტრონომთან” კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე საუბრობს.
მისი თქმით, თუ პრეზიდენტი არ მოიწვევს პარლამენტს, ხელისუფლება აცხადებს,რომ გამოიყენებს „ანალოგიას“, სადაც წერია, რომ თუ პრეზიდენტის მიერ არ იქნა მოწვეული რიგგარეშე სხდომა, პარლამენტი თავად იკრიბება.
თუ ზურაბიშვილი არ მოიწვევს პირველ სხდომას, მაშინ პარლამენტი მაინც შეიკრიბება თუ არა? – რა მანიპულაციის მექანიზმი აქვს „ქართულ ოცნებას“?
საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია, მოიწვიოს საქართველოს პარლამენტი. იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი არ მოიწვევს პარლამენტს, ხელისუფლება ამბობს,რომ გამოიყენებს „ანალოგიას“, სადაც წერია, რომ თუ პრეზიდენტის მიერ არ იქნა მოწვეული რიგგარეშე სხდომა, პარლამენტი თავად იკრიბება. უმრავლესობა გვეუბნება, რომ შეიკრიბებიან და ჩაატარებენ სხდომას, იმის მიუხედავად პრეზიდენტი მოიწვევს, თუ არა –
იქნება თუ არა კონსტიტუციური ასეთი პარლამენტი?
ეს „ანალოგია“, ამ შემთხვევაში გამართლებულია, რამდენადაც პრეზიდენტს არ აქვს იმის განსაზღვრის უფლება არჩევნები კანონიერია, თუ არაკანონიერი – ამას წყვეტს სასამართლო და ცენტრალური საარჩევნო კომისია – აღნიშნა მან.
პრეზიდენტის შეფასებით, 26 ოქტომბერს არჩევნების “ტოტალურად გაყალბება” მოხდა. ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, “ძალიან ბევრი რამ არის გამოსაკვლევი”.
„საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის ან მთავრობის მოთხოვნით პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში იწვევს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომას. თუ წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში მოწვევის აქტი არ გამოიცა, პარლამენტი თავისი რეგლამენტის თანახმად იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში“. – საქართველოს კონსტიტუცია (მუხლი 44)