მარნეულში 69-ე უბანზე ბიულეტენების ჩაყრაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გაყალბების მუხლით დაიწყო.
გამოძიება დაიწყო სსკ-ს 164³ მუხლით, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს.
მარნეულში 69-ე საარჩევნო უბანი დაიხურა და ხმის მიცემა შეწყდა. ცესკოს წარმომადგენელი, იაკობ ასანიძე ამბობს, რომ შესაბამისი განკარგულება საუბნო კომისიის თავმჯდომარემ მიიღო.
გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მარნეულში, 69-ე საარჩევნო უბანზე ჯერჯერობით დაუდგენელი პირები ბიულეტენებს ყრიან.
ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მარნეულის საარჩევნო კომისიას მოსთხოვა, რომ 69-ე უბანთან დაკავშირებით სხდომა მოეწვიათ და შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღოთ. ასევე, მან შსს-ს მიმართა, შესაბამისი პროცედურები სწრაფად განახორციელონ.