საჭირო გახდა ძალის დემონსტრირება, რადგან ცუდად აქვთ საქმე – ასე შეაფასა “მეტრონომთან” პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებული აქცია.
მისი თქმით, მსგავსი ქმედებები დამახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმებისთვის, რათა შექმნან შთაბეჭდილება იმისა, რომ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა აქვთ.
არჩევნებამდე სულ რაღაც ერთი დღე დარჩა, როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო პერიოდი? რა მოლოდინები გაქვთ?
გარეგნულად თითქოს განსაკუთრებული არაფერი არ ხდება, თუმცა შინაგანი დაძაბულობა იგრძნობა. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ისევ აირჩია დაპირისპირების, დაშინებისა და მუქარების გზა. ის უბიძგებს საზოგადოებას სერიოზული კონფორტაციისკენ – განაცხადა მან.
გუშინ მმართველი გუნდის მიერ ორგანიზებული აქცია რომ შეაფასოთ – რატომ გახდა საჭირო ძალის დემონსტრირება?
საჭირო გახდა ძალის დემონსტრირება, რადგან ცუდად აქვთ საქმე. ეს დამახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმებისთვის შექმნან შთაბეჭდილება იმისა, რომ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა აქვთ, ამისთვის მიმართავენ ყველა სახის რესურს: ადმინისტრაციულს, ორგანიზაციულს, ფინანსურსა და ა.შ. მხოლოდ ეს ხელისუფლება არ იქცევა ასე, წინა ხელისუფლების შემთხვევაშიც ასე იყო და გვაქვს ბევრი მაგალითები. ფაქტია, რომ ეს ხალხი კონკრეტული დავალებებით იყო მიყვანილი ორგანიზებულად, სიებით – ზოგი მუქარით, ზოგიც სამსახურის დაკარგვის შიშით, ვიღაც ალბათ გულწრფელადაც – აღნიშნა ხუხაშვილმა.