არჩევნები ახალი ამბები მთავარი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ამომრჩევლების პირადობის მოწმობების ჩამორთმევის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მედიასაშუალება – „ბათუმელების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო ამავე მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ამომრჩევლების მონაცემების დამუშავების თაობაზე მითითებული ფაქტის შესწავლა.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, არც ერთი განცხადება და მომართვა, რომელიც სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზნით იქნა წარმოდგენილი, რეაგირების გარეშე არ დარჩენილა.

„საარჩევნო პროცესში ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებით „მნიშვნელოვანია, რადგან პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან დაკავშირებული მონაცემები განსაკუთრებულ კატეგორიას მიეკუთვნება და მათ დასაცავად უფრო მაღალი სტანდარტი მოქმედებს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით კი, პერსონალური მონაცემების დაცვა საარჩევნო პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას წარმოადგენს და შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მედიასაშუალება – „ბათუმელების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო ამავე მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ამომრჩევლების მონაცემების დამუშავების თაობაზე მითითებული ფაქტის შესწავლა. გარდა ამისა, სამსახური ეხმიანება სხვადასხვა წყაროების მეშვეობით გასაჯაროებულ ინფორმაციას, რომელიც საარჩევნო პერიოდში ამომრჩევლებისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამორთმევის ფაქტებს შეეხება.

აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს გააჩნია საზედამხედველო ფუნქცია – გააკონტროლოს საქართველოში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების შესრულება, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ დანაშაულის შემცველ ქმედებებს შეისწავლიან და რეაგირებას ახდენენ სამართალდამცავი ორგანოები. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ამომრჩევლებისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამორთმევა სავარაუდოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას წარმოადგენს, მასზე რეაგირება სცდება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებს და სამართალდამცავი ორგანოების ფუნქციას განეკუთვნება.

ამასთანავე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ არც ერთი განცხადება და მომართვა, რომელიც სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზნით იქნა წარმოდგენილი, რეაგირების გარეშე არ დარჩენილა. შესაბამისად, სამსახური მიმდინარე რეჟიმში სწავლობს აღნიშნულ პროცესში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების სავარაუდო დარღვევის არაერთ ფაქტს.

საარჩევნო პროცესში ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავება საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას და აღნიშნულ პროცესში ჩართულმა ორგანიზაციებმა და სუბიექტებმა უნდა შეაფასონ და იმოქმედონ ამომრჩეველთა ინტერესების გათვალისწინებით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კი აქტიურ რეჟიმში აკვირდება საარჩევნო პროცესში ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებს და უკანონო დამუშავების ფაქტ(ებ)ის გამოვლენის ნებისმიერ შემთხვევაზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....