ახალი ამბები მთავარი

რუსეთმა ქართველ მებრძოლს დაუსწრებლად 14 წელი მიუსაჯა

უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველს, ალეკო ხეცურიანს, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლომ დაუსწრებლად გამოიტანა განაჩენი საქართველოს 39 წლის მოქალაქის, ალეკო ხეცურიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე. <…> სასამართლომ ხეცურიანს დაუსწრებლად შეუფარდა განაჩენი – 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთის სახით, რომელიც უნდა მოიხადოს მკაცრი რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში“, – იუწყება რუსეთის გენერალური პროკურატურა საკუთარ ტელეგრამის არხზე.

პროპაგანდისტული მედია TASS განმარტავს, რომ მსჯავრდებული დაქირავებული სტატუსით უკრაინის მხარეს საომარ მოქმედებებში 2022 წლის მარტიდან 2024 წლის ივლისამდე მონაწილეობდა.

„2022 წლის 3 მარტიდან ხეცურიანი, [თვითგამოცხადებული] დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფნისას, პირადი სარგებლის მიღების მოტივებით, ასრულებდა ქართული ეროვნული ლეგიონის მეთაურების ბრძანებებს, მონაწილეობდა უკრაინის უშიშროების ძალების მხრიდან საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ, რისთვისაც იღებდა მატერიალურ კომპენსაციას“, – წერს საგამოძიებო კომიტეტი.

მათივე განცხადებით, ხეცურიანზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

იტვირთბა....