მიმდინარეობს თუ არა არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში? – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მეტრონომი” ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს პაატა მანჯგალაძეს ესაუბრა.
ოპოზიციონერის თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან მასიურად ხდება შავი ფულისა და ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.
• არასამთავრობო ორგანიზაციებმა საარჩევნო დარღვევების რამდენიმე შემთხვევა გამოავლინეს – ასევე გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საჯარო სექტორში მომუშავე პირებს მასიურად სთხოვენ პირად მონაცემებს. – რა კომენტარს გააკეთებთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ?
არჩევნების მანიპულაციისთვის ქართული ოცნება რამდენიმე მექანიზმს იყენებს, რადგან იციან , რომ ამ არჩევნებს აგებენ. ერთი არის დაშინება – ეგრეთწოდებული ქუჩის ავტორიტეტების გამოყენება, რომლებიც ყველა სოფელში ადამიანებს სთხოვენ, რომ პირადობის მოწმობები მათ ჩააბარონ. მეორე ეს არის მოსყიდვა – ადამიანი, რომელზეც ასეთი ტიპის ზეწოლა არ მოქმედებს, ცდილობენ რომ მოისყიდონ, სახურავი გადაუხურონ, გამოიყენონ ნებისმიერი ადმინისტრაციული რესურსი, რათა არჩევნებში ხმის მიცემაზე დაითანხმონ. მესამე არის საჯარო სექტორში დასაქმებულები -რომელთა რიცხვი, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ არის ხელოვნურად გაზრდილი. წარმოგიდგენიათ, რა მასშტაბზე მიდის დამფრთხალი და შეშინებული ივანიშვილი იმისთვის, რომ არ წააგოს.
• როგორ გარემოში მიმდინარეობს წინა საარჩევნო პროცესი?
მასიურად ხდება შავი ფულისა და ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ეს უკვე ზემოქმედება და მანიპულაციაა ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოვლენაზე. ქუჩაში ახტებიან ადამიანებს, გვაქვს ასეთ შემთხვევებთანაც საქმე. ასევე ადგილი აქვს სამუშაო ოფისების დარბევას.
ეს ყველაფერი სერიოზულ გავლენას ახდენს საარჩევნო პროცესზე. როცა თუნდაც ქალაქში ან სოფელში მცხოვრებმა ადამიანმა იცის, რომ შეიძლება პრობლემა შეექმნას თუ მის პოლიტიკურ პოზიციას დაიცავს და არა ქართული ოცნების, ამას ჩვენ თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტუნარიან არჩევნებს ვერ დავარქმევთ.
• რა მოხდა ვარკეთილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ?
მარტივი საკითხია, დიდი შეკრება გვქონდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ შორის ისანი-სამგორი-ვარკეთილის ზონებიდან იყვნენ ძალიან ბევრი ადამიანი. მანამდე გვქონდა სხვა შეხვედრებიც და სწორედ ის შტაბი, რომელიც ამ ყველაფერს აორგანიზებდა დაარბიეს, ყველაფერი დალეწილი და განადგურებული დახვდათ. თითქოს ამით ვინმეს შეაშინებდნენ, არავის არ ეშინია ქართული ოცნების ზონდერების . ხალხი და სიმართლე არის ჩვენ მხარეს.
ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროცესში გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებსა და პრობლემურ საკითხებს პერიოდულად აახლებს. დღეს გავრცელებულ მონაცემებში 6 ახალი შემთხვევაა მითითებული, ჯამში კი ჩამოთვლილია 46 დარღვევა.