კოალიცია ძლიერ საქართველოს ტელეკომპანია “იმედისა” და “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიაში საჩივარი შეაქვს. ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
“როგორც ჩანს, ხელისუფლების პანიკა, რომ არჩევნებში მარცხდება, მის მიერ კონტროლირებად მედიებსაც გადაედო. სამწუხაროდ, ტელეკომპანია იმედი და რუსთავი 2 საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლასაც აღარ ერიდებიან იმისთვის, რომ კოალიცია ძლიერი საქართველოს ხმა დაბლოკონ და ხელი შეგვიშალონ, საქართველოს მოქალაქეებს მთავრობის შესახებ სიმართლე ვესაუბროთ – სიმართლე, იმ დანაშაულების შესახებ, რაც ქართულმა ოცნებამ ჩაიდინა. რასაც ახლა ვუყურებთ, არის უკანონო, არაკონსტიტუციური პოლიტიკური ცენზურა. მათ ყველა ნაბიჯი გადადგეს იმისთვის, რომ ჩვენი საარჩევნო რეკლამა დაებლოკათ. ეს კანონის წინააღმდეგ წასვლაა და დღეს ჩვენ 2 საჩივარს შევიტანთ: იმედისა და რუსთავი 2-ის წინააღმდეგ”. – თქვა ნაცვლიშვილმა.
ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ წინასაარჩევნო გარემო და თვითონ არჩევნები თავისუფლად ვერ შეფასდება, თუ ის თავისუფალ მედიაგარემოში არ ჩატარდება.