ახლო აღმოსავლეთი ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა – რა ვითარებაა ამ მომენტისტის და უნდა ველოდოთ თუ არა კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავებას? – ამის შესახებ “მეტრონომთან” ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, ფართომასშტაბიანი ომის წამოწყება, დამოკიდებული იქნება იმაზე ისრაელის სამიზნე გახდება თუ არა ირანის ბირთვული პროგრამა.
• რა ვითარებაა ამ მომენტისთვის ახლო აღმოსავლეთში?
დღევანდელი ვითარება არის გაგრძელება, იმ მოვლენების, რომელიც დაიწყო გასული წლის 7 ოქტომბერს, როდესაც „ჰამასი“ თავს დაესხა ისრაელს. დაიხოცა არამხოლოდ ისრაელის, არამედ სხვა ქვეყნის ასობით მოქალაქე. ნაწილი ტყვედ ჩავარდა და ისინი დღემდე ტყვეობაში არიან, 101 ადამიანი. ისრაელი მალევე შევიდა ღაზა სექტორში და დაიწყო იქ გაწმენდითი სამუშაოები და ასევე გააქტიურდა სხვა ფრონტებზეც, მაგალითად რამდენიმე კვირის წინ ჩვენ ვნახეთ, ფეიჯერების აფეთქება, ჰეზბოლას მებრძოლების წინააღმდეგ, სადაც საშუალო რგოლი დაზიანდა. შემდეგ ამას მოჰყვა ჰეზბოლას ხელმძღვანელების ლიკვიდაცია, კონკრეტულად კი ჰასან ნასრალასა და მისი წრის. ამის შემდეგ კი ირანმა განახორციელა სარაკეტო შეტევა ისრაელზე. ამ მომენტისთვის ისრაელი ემზადება საპასუხო ნაბიჯების გადასადგმელად.
• როგორ ფიქრობთ, მივიღებთ თუ არა ფართომასშტაბიან ომს ?
რა სახის იქნება ნაბიჯები ისრაელის მხრიდან, ამას უახლოეს ხანში დავინახავთ. ეს შეიძლება იყოს შეტევა ირანის როგორც ეკონომიკურ, ისე სამხედრო სამიზნეებზე. ამაზე იქნება დამოკიდებული ირანის პასუხი და არა მხოლოდ ისრაელს, შესაძლოა მათი შეტევა შეეხოს მეზობელ ქვეყნებს, მათ ნავთობ გადამამუშავებელ სექტორებს. ფართომასშტაბიანი ომის წამოწყება, დამოკიდებული იქნება იმაზე ისრაელის სამიზნე გახდება თუ არა ირანის ბირთვული პროგრამა, პორტები, რითაც ირანი საგარეო ვაჭრობას ახორციელებს. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, ომის რა სახის განვითარებას მივიღებთ – აღნიშნა ანალიტიკოსმა.
ისრაელზე შემზარავი თავდასხმიდან ერთი წლის თავზე რეგიონში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ახლო აღმოსავლეთი საომარი არეალის გაფართოების და ფართომასშტაბიანი ომის დაწყების ზღვარზეა.
ცოტა ხნის წინ ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ხუთი რაკეტა ისროლეს.
ისრაელის არმიის ცნობით, თავდაცვის ძალების მიერ ლიბანში წამოწყებული სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში ამ დრომდე ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ 450 მებრძოლი, მათ შორის დაჯგუფების ლიდერი ჰასან ნასრალა და 30 სხვა მაღალჩინოსანი.