აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ პროცესს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს”- ნიკა გვარამია

„ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმ პროცესით, რომელიც ახლა გავიარეთ – სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ პროცესს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, „კოალიციას ცვლილებისთვის“ შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ შეუთავაზებია.

„არა, არავინ არ შეგვითავაზებია [პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად]. ჩვენ ვართ ქარტიის ერთგულები, სადაც წერია, რომ ტექნიკურ და გარდამავალ მთავრობას ვეთანხმებით. ჩვენ ამას ხელი მოვაწერეთ და არავითარ შემთხვევაში არ გადავალთ ამ სიტყვას. იქვე წერია, რომ პრეზიდენტია წამყვანი ფიგურა ამ შეთავაზების დროს.

მე დეტალებზე არ ვისაუბრებ. განცხადებას თავად პრეზიდენტი გააკეთებს, იმიტომ, რომ ეს მისი ინიციატივაა, თუმცა შემაჯამებლად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმ პროცესით, რომელიც ახლა გავიარეთ. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ პროცესს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები მოვისმინეთ მის საგარეო ვოიაჟთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირში საქართველოს ევროინტეგრაციას უკავშირდება“, – განაცხადა გვარამიამ.

გარდა ამისა, მანვე „ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის ხელახლა დაყენებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უმრავლესობას ფოკუსის გადატანა მთავარი საკითხებიდან მათ მიერ მოგონილ პროპაგანდისტულ საკითხებზე, არ გამოუვა.

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს სრულიად სამარცხვინოდ გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტი ამისთვის [საგარეო ვოიაჟისთვის] დასაჯოს და იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო. „ქართულ ოცნებას“ არ გამოუვა ფოკუსის გადატანა მთავარი საკითხებიდან მათ მიერ მოგონილ პროპაგანდისტულ საკითხებზე.

ეს არის გამოგონილი. „ქართული ოცნება“ მარცხდება და საქართველოს პრეზიდენტი იქნება გარანტი, რომ არჩევანი რეალურად იყოს ასახული და ფორმალიზებული საარჩევნო შედეგებში“. – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

იტვირთბა....