ისრაელის ქალაქ თელ-ავივში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.
ისრაელში საქართველოს საელჩო ადასტურებს პირველ ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალებას. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საელჩო მუშაობს ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან გარდაცვლილი თანამემამულის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე, რაც ბუნებრივია მოითხოვს გარკვეულ დროს, მისი დაღუპვის გარემოებების გათვალისწინებით.
“საელჩოში შემოვიდა ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ, მიმდინარეობს ოფიციალური არხებით გადამოწმება. ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ შეგვიძლია ინფორმაციის დადასტურება. ადგილზე არის კონსული. გარდაიცვალა კლინიკაში” – განაცხადეს საგარეო უწყებაში
1-ელ ოქტომბერს, საღამოს საათებში თელ-ავივში 2-მა შეიარაღებულმა ტერორისტმა მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა, სულ მცირე, 7 ადამიანი. დაშავებულთაგან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა