ახალი ამბები მთავარი

“ევროპა ჩვენი სახლია” მთავრობას გელათის რეაბილიტაციის ვადების დარღვევას ედავება

არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია” სოციალურ ქსელში ფოტოებსა და დოკუმენტებს ავრცელებს, რის საფუძველზეც მთავრობას გელათის რეაბილიტაციის ვადების დარღვევას ედავება.

ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სამუშაოები სექტემბრის თვეში უნდა დასრულებულიყო , მაგრამ ჯერ ნახევარიც არ არის შესრულებული.

“გელათი-ვადები ისევ დაირღვა.
2023 წლის ნოემბერში გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მხრიდან გაიცა დაპირება, რომ ახალი დროებითი გადახურვა 2024 წლის გაზაფხულზე, მარტის თვეში მოეწყობოდა.
არამდგრადი ამინდების მიზეზით სამუშაოებმა ზაფხულის ბოლომდე გადაიწია და ახალ ვადად 15 აგვისტო განისაზღვრა.
 აგვისტოს “გაუსაძლისი სიცხეების” მიზეზით პროცესის პირველი ფაზის დასრულება 15 აგვისტოსაც ვერ მოხერხდა და კიდევ ერთხელ გადაიწია ვადამ.
ამჯერად, 30 სექტემბრამდე.
სამუშაოების პირველი ფაზა გულისხმობდა ტაძრის ირგვლივ (გუმბათის გარდა) კონსტრუქციის მოწყობას და შესაბამისი მასალით შეფუთვას.
კომიტეტის მიერ 2024 წლის 16 აგვისტოს გაკეთებული განცხადების მიხედვით, პირველი ფაზის ფარგლებში, გადახურვის გარდა უნდა მომხდარიყო კონსტრუქციაზე კედლების ვერტიკალურად დამცავი მაღალტექნოლოგიური მასალით შეფუთვა.

დღეის მდგომარეობით სამუშაოების მხოლოდ ნაწილია შესრულებული.

არცერთი კედელი შეფუთული არ არის

კომიტეტის საინფორმაციო პრათფორმაზე არ ვრცელდება ინფორმაცია ვადების კიდევ ერთხელ დარღევევის მიზეზებისა და ახალი ვადების განსაზღვრის შესახებ.

ამ ფონზე, ბუნდოვანია,მეორე ფაზის-გუმბათის გადახურვის სამუშაოების ვადების საკითხი, რაც 16 აგვისტოს განცხადების თანახმად, პირველი ფაზის დასრულებისთანავე უნდა განხორციელებულიყო.

გელათში გარე სამუშაოების საწარმოებლად ხელსაყრელი მშრალი სეზონი იწურება და მეხუთე ზამთარი ახლოვდება ორივე მოხატულ ტაძრზე დატენიანებული და მხატვრობის დამაზიანებელი გადახურვის პირობებში.
ორივე ტაძარში აღმოჩენილი იდენტური პრობლემების მიუხედავად, წმინდა გიორგის ტაძარის უკეთესი მასალით და მეთოდოლოგიით გადახურვა არაერთი მოთხოვნის იგნორირების ფონზე დაგეგმილიც არ ყოფილა.” – ვკითხულობთ განცხადებაში

იტვირთბა....