არ არსებობს ქვეყანა, რომელიც სრულად და გარანტირებულად არის იმ ადგილობრივ საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცეული, რომლებიც ამ ქვეყნის მოქალაქეებს კანონის სრულად დაცვას აიძულებს. ყველგან არის ის ღრეჩოები, რომლებიც ამა თუ იმ პიროვნებებსა თუ პიროვნებათა წრეებს კანონსმიღმა არეში უმტკივნეულო გაღწევაში ეხმარება და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი.
საქართველოში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, დანაშაულის ოთხი კატეგორია გვაქვს – მსუბუქი დანაშაული, ნაკლებად მძიმე დანაშაული, მძიმე დანაშაული და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
ჩვენს შემთხვევაში და აქ აღწერილი დანაშაული მესამე კატეგორიას მგონი არ უნდა სცდებოდეს. ამდენად ჯერ მოკლედ მოგიყვებით კანონის დამცველების პირველ სამთან დამოკიდებულებაზე, შემდეგ კი, კიდევ უფრო მოკლედ, თუმცა გასაგებად, საკუთრივ დანაშაულზეც. დანაშაულზე, რომლის თვითმხილველებიც, ჩემთან ერთად, ყოველდღე ათასობით ჩვენი თანამოქალაქე ხდება და დანაშაულში დანაშაულს ვერ ცნობენ…
ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი მსუბუქ დანაშაულზე, ისეთი როგორიცაა, დავუშვათ, სიგარეტის ნამწვის ქუჩაში გადაგდება, კანონის ადგილობრივმა დამცველმა (თუ იქ ეს ქმედება კანონდარღვევად ითვლება) შეიძლება თვალი დახუჭოს… შეიძლება არც დახუჭოს, თუმცა დახუჭვის შემთხვევაში სამსახურეობრივი მოვალეობების შეუსრულებლობის გამო მას ნამვილად არავინ არ გაკიცხავს და მითუფრო სამსახურიდან არავინ დაითხოვს… ნუ, რამოდენიმე საათში ამ კანონდარღვევას ქალაქის შესაბამისი და ყოველდღიური სამსახურები ისედაც აღმოფხვრიან. რამდენად კომპეტენტურია საკითხისადმი ასე განწყობილი კანონის დამცველი, ეს სულ სხვა თემაა… მე მხოლოდ დანაშაულის სიმსუბუქეს გავუსვი ამ შემთხვევაში ხაზი.
კანონის იგივე დამცველი “ცოტა მეტი” პასუხისმგებლობით მოეკიდება დანაშაულის ნაკლებად მძიმე ფორმას… დავუშვათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მავანის არაფხიზელ მდგომარეობაში დებოშს; ან მავანთა ჩხუბს და ა.შ. ნაკლებად მძიმე, თავის თავში კრიმინალის ნაკლებად შემცველ დანაშაულებს. პასუხისმგებლობით მოეკიდება, რამეთუ გულგრილობისა და უყურადღებობის ასეთ შემთხვევაში გამოჩენისას, ის საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც საზოგადოებრივ წესრიგს, ისე საკუთარ სამსახურეობრივ მდგომარეობასაც.
იგივე შეიძლება ითქვას მძიმე დანაშაულზე, თუმცა გამოვლენილი პასუხისმგებლობისა და პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხის მზარდი მოთხოვნილების ფონზე. მაღალი ხარისხის, ვინაიდან ასეთ შემთხვევებში საფრთხის ქვეშ დგება საზოგადოებრივი არა იმდენად წესრიგი (თუმცა წესრიგიც თავისთავად), რამდენადაც საზოგადოების უსაფრთხოება და მისი კეთილდღეობა.
განსხვავებით მსუბუქი და ნაკლებად მძიმე დანაშაულებისგან, მძიმე დანაშაულთან კანონის დამცველის პირისპირ შეხვედრისას კონტრასტი იმდენად დიდია, რომ უკანდასახევ გზას არ ტოვებს და ნებისმიერს, ვინც კანონის მართლა დაცვით არის დაკავებული, უმალ რეაგირებას აიძულებს.
იმიტომ დაგიხატეთ საშუალო სტატისტიკური სამართალდამცავის განსხვავებული კატეგორიის დანაშაულებებისადმი განსხვავებული მიდგომები, რომ ისინი მომდევნო წინადადებით შემეჯამებინა, კერძოდ: რამოდენიმე თვეა (ყველაზე ცოტა), რაც ჩემს ყურადღებას კანონის დამცველთა მხრიდან მესამე კატეგორიის დანაშაულის მიმართ პირველისთვის “განკუთვნილი” გულგრილობა იპყრობს… ანუ რამოდენიმე თვეა ვხედავ თუ როგორ ფასდება დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისება სიგარეტის ნამწვის ქუჩაში გადაგდებად.
დღეს მომინდა ამაზე მომეთხრო… მითუფრო ამ უცნაური მოვლენისადმი ელექტრონული თუ სხვა მედიასაშუალებების გამახვილებულ ყურადღებას არსად წავწყდომივარ.
მოკლედ… მოქმედების ადგილი – მეტრო.
ის, რომ თბილისის მეტროპოლიტენში, სალაროს გვერდის ავლით, ყოველდღიურად, უზარმაზარი თანხები “უმისამართოდ” მიედინება, ისეთივე ფაქტია, როგორც თავად ის ფაქტი, რომ გამონაკლისის გარეშე ყველა მეტროსადგურის შესასვლელში 4-5 კაციანი, მეტრომანის ბარათებით შეიარაღებული ჯგუფები დგას და მგზავრობის საფასურის გადახდის სანაცვლოდ მეტროში შემსვლელებს, ნახევრად კონსპირაციული ტონით, გატარებას სთავაზობს.
კანონი, ამ და ასეთ ქმედებაში, რა თქმა უნდა არ ირღვევა და დაინტერესების შემთხვევაშიც ზუსტად ასე განგვიმარტავენ… განგვიმარტავენ, რომ კანონსაწინააღმდეგო ამაში არაფერია… დგანან ადამიანები და თანხას, რომელიც “საკუთარ” ბარათზე აქვთ, ცვლიან ნაღდ თანხაში… ვინ იცის რა შეემთხვათ და რაში დასჭირდათ ფული, რომელიც ბარათზე აქვთ? ან იქნებ სამგზავროდ აღარ სჭირდებათ და თანხა ურჩევნიათ? და საერთოდ, ვისი რა საქმეა?!.. თუმცა… არ არის საჭირო ერკიულ პუაროობა, რომ ვერ დაინახო თუ რამხელა არეალით და რა მიმართულებით ვითარდება ეს, ერთი შეხედვით უწყინარი, ყოველდღიური, თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე გაწელილი “გატარება ხომ არ გინდა?” აქცია… არ არის საჭირო არც დეტექტივობა და არც მათემატიკოსობა, რომ ვერ მიხვდე თუ რა მოცულობის თანხებზეა აქ საუბარი… კანონის რიგითი, ოღონდ მართლა დამცველობაც სავსებით საკმარისია იმის დასანახად, რომ აქ ადგილი აქვს არა მსუბუქ, არა ნაკლებად მძიმე, არამედ ისეთ მძიმე დანაშაულს, როგორიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის უკანონო მითვისებაა.
ის, რომ ეს ყველაფერი “კანონის ფარგლებში” ხდება, მხოლოდ იმ ღრეჩოებზე მეტყველებს, რომლებზედაც თავში მოგახსენეთ. ღრეჩოებზე, რომლებიც კონკრეტულ ადამიანებს კანონგარეშე მოქმედების “კანონიერ” საშუალებას აძლევს. თუმცა ეს კონკრეტული შემთხვევა უხილავი დანაშაულის იმდენად ხილულ ელემენტებს შეიცავს, რომელთა ვერდანახვაც უბრალოდ შეუძლებელია და რომელზე თვალის დახუჭვაც ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის სამართალდამცავი სისტემისთვის შეუფერებელი და ძნელად წარმოსადგენია.
ეს იმდენად თვალშისაცემია მეტროს ნებისმიერ შესასვლელთან, რომ ყველა სხვა თვალშისაცემობებს ჩრდილავს…
თუმცა არა!.. არის კიდევ უფრო მეტად თვალშისაცემი რამ… კერძოდ ის, რომ ამას “ვერ ამჩნევენ” ისინი, ვისაც ეს პირველ რიგში ევალებათ… რაც ავტომატურად, ზედმეტი გონებრივი ძალისხმევის გარეშე, “უმისამართოდ” მიმავალი უზარმაზარი თანხების მისამართს გვიმხელს.