ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნატო-ში მესამე მსოფლიო ომისთვის გეგმებს ამზადებენ

ნატო რუსეთთან შესაძლო ომის შემთხვევისთვის საბრძოლო ხაზიდან დაჭრილთა ევაკუაციის გეგმას ამზადებს. პროგნოზების მიხედვით, ომი ფართო საბრძოლო ველზე გაიშლება და ნატო-ს მნიშვნელოვანი დანაკარგი ექნება, – ამის შესახებ განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლოჯისტიკის სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა, ალექსანდრ ზოლფრანკმა „დეილი მეილთან“ ინტერვიუში გააკეთა.

გენერალმა აღნიშნა, რომ რუსეთის საჰაერო ძალების ფართო შესაძლებლობების გამო, დაჭრილთა თვითმფრინავებით ევაკუაცია შეიძლება, ძალიან სახიფათო იყოს, ამიტომ უმჯობესია სანიტარული მატარებლების გამოყენება.

„ყველაზე უარეს შემთხვევაში ჩვენი ამოცანა იქნება დიდი რაოდენობით დაზარალებულების ოპერატიული და ხარისხიანი დახმარებით უზრუნველყოფა“, – განაცხადა მან.

ზოლფრანკმა ასევე ხაზი გაუსვა ნატო-ს სამედიცინო წესების უნიფიკაციის მნიშვნელობას. მისივე თქმით, გამოსავალი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს „სამხედრო-სამედიცინო შენგენის“ შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს პრეპარატების, მათ შორის მძიმე დაზიანებებისთვის საჭირო ტკივილგამაყუჩებლების, თავისუფალ გადატანას.

„დეილი მეილის“ ცნობით, სამედიცინო ევაკუაციის გეგმა რუსეთთან შესაძლო ომისთვის სამზადისის მხოლოდ ერთი ელემენტია.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ 22 იანვრიდან 31 მაისამდე ნატო-მ უდიდესი სწავლება ჩაატარა, რომელშიც 90 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ეს მანევრები ასევე იყო რუსეთის აგრესიისთვის მზადების ნაწილი და მოიცავდა ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, გერმანია, უნგრეთი, საბერძნეთი, პოლონეთი, ფინეთი, შვედეთი და სხვა.

იანვარში გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები მომდევნო სამი-ხუთი წლის განმავლობაში აქტიურად უნდა მოემზადონ რუსეთთან შესაძლო ომისთვის და ეს დრო „ინტენსიური შეიარაღებისთვის“ გამოიყენონ.

იტვირთბა....