პარტია ფედერალისტები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში პარტიის ლიდერი, გიგა ბოკერია, მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს.
„ფედერალისტები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ – საარჩევნო ვადების გათვალისწინებით, ახალი სუბიექტის რეგისტრაციის შესაძლებლობა ტექნიკურადაც არ გვქონდა, რაც თავისთავად სერიოზული დაბრკოლება იყო, მაგრამ ეს არ გახლავთ ერთადერთი და მთავარი მიზეზი.
ჩვენ გვქონდა შემოთავაზება ერთ-ერთი საარჩევნოდ რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიისგან, რომ მათთან ერთად და მათი სახელით მიგვეღო არჩევნებში მონაწილეობა, რისთვისაც მათი მადლობელი ვართ.
თუმცა იმის გათვალისწინებით, რაც ევროპულ საქართველოში მოხდა და იმ კამპანიის გათვალისწინებით, რაც ხმების გაფლანგვასთან დაკავშირებით გვესმის მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისა და მედიის უმრავლესობისგან, სხვა სუბიექტის სახელით არჩევნებში ორი თვით ადრე ჩართვა მხოლოდ კონტრპროდუქტიული იქნებოდა.
ამასთან, ჩვენ კარგად გვესმის საზოგადოების ნაწილის გაწბილების, რომელიც გამოწვეულია პოლიტიკურ სპექტრის უდიდესი ნაწილის არათანმიმდევრულობით, პოპულიზმით, უპრინციპობითა და არაკომპეტენტურობით – არაერთი ჩვენი მომხრე და ზოგადად, მოქალაქე საჯარო თუ კერძო კომუნიკაციისას არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებითაც კი ყოყმანობს, რადგან მათ, რბილად რომ ვთქვა, არ აქვთ რწმენა, რომ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური სპექტრი თავს გაართმევს ქვეყნის წინაშე მდგარ უმწვავეს გამოწვევებს.
ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა, თუმცა, მიუხედავად ამისა, აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ საფრთხე, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის, იმ მასშტაბისაა, რომ ყველა ამ არგუმენტს გადაწონის.
ჩვენი მყარი და პრინციპული პოზიციაა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უნდა მივიღოთ ყველამ, რათა ქვეყანა ფუნდამენტური საფრთხისგან, ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან ვიხსნათ.
ივანიშვილის რეჟიმის ხელისუფლებაში დარჩენა ყოველდღიურად ზრდის საფრთხეს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი თავისუფლებისთვის და თუ ჩვენ ამ ისტორიულ მონაკვეთში ვერ გამოვიყენებთ შანსს და ვერ გავხდებით თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრი, ამის უმძიმეს ფასს შემდგომი თაობები გადაიხდიან.
დღევანდელი ოპოზიციური სპექტრის უპრინციპობა და არაკომპეტენტურობა ნამდვილად სერიოზული გამოწვევაა, თუმცა გვჯერა, რომ ქართული საზოგადოება შეძლებს ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, მათ შორის ამ პრობლემასთან გამკლავებას და ჩვენი გუნდი ამაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ ეს ამოცანა შესრულდეს, მნიშვნელოვანია, რომ ძალაუფლება კვლავ ერთი პოლიტიკური გუნდის, კლანის, ბელადისა და მასთან დაკავშირებული ოლიგარქის ხელში არ აღმოჩნდეს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ყველას, ვისთვისაც ჩვენი აზრი საინტერესოა, მოვუწოდებთ, მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ:
1. ივანიშვილის რეჟიმისა და მისი სატელიტების წინააღმდეგ.
2. ოპოზიციის შიგნით პროდასავლურ ძალას, რომლის საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით არ არსებობს კითხვის ნიშნები.
3. და რომელიც სააკაშვილ-კეზერაშვილის პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ იმყოფება.
ამასთან, ჩვენი გუნდი არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში აპირებს თავისი ენერგიისა და რესურსის მიმართვას მოქალაქეების მოტივირებასა და მობილიზებაში, ისევე როგორც არჩევნებზე ხმების დაცვის პროცესში.
ამასთან ერთად, ივანიშვილის რეჟიმისა და რუსეთის ერთობლივი ანტიქართული, ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე, კვლავ განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ადგილობრივი და საერთაშორისო კამპანიის გაგრძელება, რუსეთის სამხედრო დანაშაულებისა და ქართველთა მიმართ ჩადენილი გენოციდის შესახებ.
აფხაზთა კრებასთან, თავისუფლების ინსტიტუტსა და ტაბულასთან ერთად ზეგ, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს “ბუჩამდე იყო აფხაზეთის” კამპანიის ფარგლებში გვექნება ფილმის ჩვენება და დისკუსია საფრანგეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რომელსაც საფრანგეთის ყოფილი და ახალი ევროპის მინისტრები, ნატალი ლუაზო და ბენ ჰადადი გახსნიან.
26 ოქტომბერს უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო არასდროს დაბრუნდება რუსულ წყვდიადში”- აღნიშნულია გიგა ბოკერიას ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.