არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კოალიცია “ცვლილებისთვის” კიდევ ერთი ლიდერი ნიკა მელია ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებას ეხმაურება

ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებას, რომ ის კოალიცია “ცვლილებისთვის” საპარლამენტო სიაში არ იქნება,  ამავე კოალიციის კიდევ ერთი ლიდერი ნიკა მელია ეხმაურება და ქვეყანაში ახლებური პოლიტიკის დასაწყისად აფასებს:

“ნიკა გვარამიამ გააკეთა განცხადება, რომ არ იქნება კოალიციის საპარლამენტო სიაში, რომელიც ახსნა თავისი მოტივაციით – არსებობდეს პოლიტიკაში მეტი სივრცე ახალი ადამიანებისათვის, ადამიანებისათვის რომლებიც არასდროს ყოფილან პოლიტიკაში, მითუმეტეს მართვასა და ხელისუფლებაში.

მისი ეს მოტივაცია და ხედვა არსებობდა ჩვენი პარტიის “ახალის” ჩამოყალიბების ეტაპზე, როგორც საფუძველი პარტიის შექმნის, ასე დაიწყო პარტია, ასე მოეწყო მისი სტრუქტურა, ასე მოვედით აქამდე და ასევე ერთად გავაგრძელებთ სვლას წინ.

თუ რამე სჭირდება დღეს ქართულ პოლიტიკას, სჭირდება სიტყვისათვის ფასის და ხალხისათვის რწმენის დაბრუნება;
სჭირდება ხალხი, რომელსაც წარსული კი არ ჰყოფს, მომავალი აერთიანებს.

კოალიცია ცვლილებისათვის საარჩევნო ნომრით 4, არა მხოლოდ ამბობს ამას, არამედ ადასტურებს ქმედებით, ნიკა ამას ადასტურებს თავისი საქციელით. შეუძლებელია პატივი არ ვცე მის ამ გადაწყვეტილებას და არ მივიჩნიო ქართული პოლიტიკისათვის მაგალითის მიცემად:
როგორც სიტყვის და დაპირების საქმედ ქცევა, როგორც ახალი მომავალით დაკავშირებული ადამიანებისათვის სივრცის გახსნა და როგორც “მე”- ს ნაცვლად “ჩვენ”- ის ყველაზე წინ დაყენება ამ უმნიშველოვანეს ბრძოლაში.

ჩვენ არ ვიბრძვით ვინმეს სადმე ჩასანაცვლებლად, გვინდა სისტემის ფუნდამენტური ცვლილება და ყოველთვის მზად ვართ, ეს ცვლილება დავიწყოთ საკუთარი თავით, ვიდგეთ წინ ნებისმიერ ბრძოლაში და ვიდგეთ ყველაზე უკან, ამბიციებისა და ეგოების ჭიდილში.

ჩვენ სულ მალე წარვადგენთ საპარლამენტო სიას, სადაც ადამიანები ხვდებიან ცოდნით, კვალიფიკაციით, ბრძოლით, გამოცდილებით.

საქმით ვადასტურებთ, რომ გზა პოლიტიკისა და პარლამენტისაკენ უნდა გადიოდეს, ღირსებასა და პრინციპულობაზე და არა უღირსობასა და უპრინციპობაზე, ფულსა და კულუარულ მოლაპარაკებაზე,  როგორც, სამწუხაროდ, ბევრი მიეჩვია ქართულ პოლიტიკაში.

მომავალი თქვენია! პოლიტიკოსი უნდა ჩადგეს ხალხის სამსახურში და არა პირიქით! ნიკას სვლა კი ახალი ბრძოლის და ამ ქვეყანაში ახლებური პოლიტიკის დასაწყისია, რომელიც აუცილებლად უკეთეს, ევროპულ პოლიტიკურ სისტემამდე მიგვიყვანს! ” – წერს ნიკა მელია.

იტვირთბა....