ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზვიად გამსახურდიას დისიდენტური ცხოვრების უცნობი დეტალები: დღეს მისი დაბადების დღეა

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფია ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ  ზვიად გამსახურდიას სახელმწიფოებრივი სულისკვეთება სკოლის ასაკიდან იწყება:

კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობაზე, 1956 წელს,  იმ ადამიანებმა, რომლებიც სტალინის ყველა სიტყვასა და ნამოქმედარს გენიალურს უწოდებდნენ, დაგმეს სტალინის პიროვნების კულტი და საზოგადოების ე. წ. “დემოკრატიული განვითარების კურსი” აიღეს.

სტალინის კულტის კრიტიკამ დიდი მასშტაბები მიიღო. აქცენტი კეთდებოდა მის ქართველობაზე, თუმცა საყოველთაოდ ცნობილი იყო რომ რეპრესიებისგან საქართველო სხვა რესპუბლიკებზე ნაკლებად არ დაზარალებულა.

სტალინის კრიტიკა ქართულმა საზოგადოებამ ეროვნულ შეურაცხყოფად მიიღო და 1956 წლის 3 მარტიდან საპროტესტო აქციები დაიწყო თბილისში. 9 მარტს რუსეთის (საბჭოთა) არმიის ნაწილებმა არაადამიანური სისასტიკით მიიტანეს იერიში მომიტინგეებზე, მოკლეს 150-ზე მეტი ახალგაზრდა და დაასახიჩრეს კიდევ უფრო მეტი…

ქართველი ახალგაზრდების მიმართ სასტიკი დამოკიდებულებით გაღიზიანებული, სკოლის მოსწავლეები, ზვიად გამსახურდია და მისი ყოფილი, არალეგალური ჯგუფის წევრები, კვლავ შეიკრიბნენ. სექტემბერ-ოქტომბერში ჯგუფს უკვე ორგანიზებული სახე ჰქონდა და წევრთა რაოდენობაც გაზრდილიყო. ორგანიზაციას “გორგასლიანი” ეწოდა.

მათ შექმნეს ფულადი ფონდი საწევროს სახით. შეაგროვეს 30-30 მანეთი და შეიძინეს საბეჭდი მანქანა, რომელზედაც 1956 წლის 1 დეკემბრის ღამეს მონაცვლეობით დაბეჭდეს ანტისაბჭოური შინაარსის წერილები. სულ შვიდი ცალი.

2 დეკემბერს, დილით, რუსთაველისა და პლეხანოვის გამზირზე ადამიანებმა უცნაური შინაარსის წერილები იხილეს კედლებზე გაკრული…

ჯგუფის წევრებმა საბჭოთა რეჟიმის მიმართ პროტესტი პროკლამაციების გავრცელებით გამოხატეს.

მისია წარმატებით დასრულდებოდა, რომ არა ერთი ინციდენტი. ჯგუფის წევრები წარმატების აღსანიშნავად რესტორან “დარიალში” შეიკრიბნენ, საღამოს კი რუსთაველის გამზირზე გ. დოჩანაშვილსა და თ. მეტრეველს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც დოჩანაშვილი ზურგში მძიმედ დაიჭრა.

1956 წლის 15 დეკემბერს კი უშიშროების კომიტეტის მიერ დაკავებულ იქნენ ანტისაბჭოთა არალეგალური ჯგუფის წევრები: ზვიად გამსახურდია, თბილისის 47-ე საშ. სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე; ანატოლი მიქაძე, 42-ე საშ. სკოლის მეათე კლასის მოსწავლე; მერაბ კოსტავა, თბილისის მუსიკალური სკოლის მეათე კლასის მოსწავლე; თეიმურაზ ცერცვაძე, თბილისის პირველი საშუალო სკოლის მეთერთმეტე ჯგუფის მოსწავლე; თამაზ გუნჯუა, თბილისის პირველი საშუალო სასწავლებლის მოსწავლე; ვლადიმერ სიხარულიძე, პირველი საშუალო სასწავლებლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე; თემურ მეტრეველი, თბილისის 47-ე საშუალო სასწავლებლის მეთერთმეტე ჯგუფის მოსწავლე…

1956 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ გრიფით “совершенно секретно” წერილი მოსკოვში გაიგზავნა. წერილის ადრესატი გახლდათ სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, იუსტიციის გენერალ-მაიორი მ. პ მალიაროვი. წერილი იუწყებოდა, რომ 1956 წლის 9 მარტს თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ უკმაყოფილო ახალგაზრდათა ერთმა ჯგუფმა არალეგალური ფორმირება შექმნა, რომლის მიზანი საბჭოთა წყობილების საწინააღმდეგო საქმიანობა იყო. ჯგუფის წევრები ნაციონალისტურად იყვნენ განწყობილი, ამჟღავნებდნენ რუსი ეროვნების მიმართ აგრესიას და მართავდნენ ქუჩებში დებოშს.

ფაქტად, ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტის დროს მძიმედ დაიჭრილ ჯგუფის წევრ გურამ დოჩანაშვილის შესახებ და დანარჩენების დააპატიმრებაზე მიუთითებდნენ.

დაიწყო გამოძიება, რათა სრულად გამოვლენილიყო ამ დაჯგუფების საქმიანობა, შემადგენლობა და მათი მოკავშირეები…

მართლაც, “გორგასლიანის” წევრები დაიკითხნენ, გასამართლდნენ კიდეც, მაგრამ საბოლოოდ ისინი მაინც საკუთარი პრინციპების ერთგულნი დარჩნენ. რადიკალურად განწყობილი ეს ახალგაზრდები საქართველოს დამოუკიდებლობაზე ოცნებობდნენ…

ამ დროს, გულმკერდის არეში მძიმედ დაჭრილი გურამ დოჩანაშვილი, ქალაქის მეორე საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობდა. დამნაშავეს გამოჯანმრთელებას არ აცდიან და 1957 წლის 30 იანვარს იჭერენ. 31 იანვარს, ორჯერ გაჰყავთ დაკითხვაზე. როგორც ჩანს მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, სერიოზული პრობლემები შეექმნა, რადგან 1 თებერვალს, პოდპოლკოვნიკ ნადირაძის ბრძანებით, სასწრაფოდ გაათავისუფლეს „მდგომარეობის გაუარესების“  მიზეზით. გამოძიება დამთავრდა.

1957 წლის 3-4-5 აპრილს, საჯარო სხდომაზე ბრალდებულებს შემდეგი განაჩენი გამოუტანეს:

  1. ზვიად გამსახურდიას თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
  2. ანატოლი მიქაძე _ 4 წელი;
  3. თამაზ გუნჯუა _ 3 წელი
  4. ვლადიმერ სიხარულიძე _ 4 წელი
  5. მერაბ კოსტავა _ 4 წელი
  6. თეიმურაზ მეტრეველი _ 3 წელი
  7. თეიმურაზ ცერცვაძე _ 3 წელი
  8. გურამ სხირტლაძე _ 3 წელი
  9. გურამ დოჩანაშვილი _ 3 წელი

…მაგრამ, სასამართლო კოლეგიამ მხედველობაში მიიღო შემამსუბუქებელი და საშეღავათო პირობები და მსჯავრდებულებს განსაზღვრული სასჯელი შეეცვალათ პირობითი მსჯავრით (საგამოცდო ვადით, ყველას შესაბამისი წლით).

ზვიად გამსახურდია დაიბადა თბილისში, 31 მარტს, 1939 წელს,  ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში. დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით. ჰყავდა ორი მეუღლე და სამი შვილი:

პირველი მეუღლე დალი ლოლუა, შვილი კონსტანტინე გამსახურდია;

მეორე მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია, შვილები ცოტნე და გიორგი გამსახურდიები.

ზვიად გამსახურდია  გარდაიცვალა 31 დეკემბერს, 1993 წელს. მისი რეგალიეებია: მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1973—1990) ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991—1992), საქართველოს ეროვნული გმირი.

 

იტვირთბა....