ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს, დიდ დიღომში, საკუთარ სახლში სასტიკად მოკლეს – გახდა თუ არა სამართალდამცავების გულგრილობა და მმართველი გუნდის პოლიტიკა ამ ტრაგედიის მიზეზი? – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მეტრონომი” ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელს ბაია პატარაიას ესაუბრა.
უფლებადამცველის თქმით, მმართველი გუნდიდან მოდის, სიძულვილის ენის გაღვივება და დაკანონება, რაც აუცილებლად უწყობს ხელს დანაშაულებების გავრცელებას.მან ასევე ისაუბრა სამართალდამცავების გულგრილობაზე, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში არ იძიებენ.
• თქვენი აზრით, უკავშირდება თუ არა გუშინდელი საზარელი მკვლელობა ცოტახნის წინ მიღებულ კანონს და მმართველი გუნდის პოლიტიკას?
ზოგადად , ვფიქრობ, რომ ბოლო რამდენიმე თვის რიტორიკა , რაც მმართველი გუნდიდან მოდის, სიძულვილის ენის გაღვივება და დაკანონება , აუცილებლად უწყობს ხელს დანაშაულებების გავრცელებას და კავშირი ნამდვილად არსებობს. ყველაზე მაღალი ტრიბუნებიდან ყოველთვის ისმის სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია, რაც შემდგომში მოსახლეობაზე ძალიან ცუდად აისახება , ისინი ამით მსგავს დანაშაულებს ახალისებენ. ამის ხარჯზე საზოგადოებას დაუსჯელობის სინდრომი უჩნდება და იზრდება მიუღებლობის სინდრომი.
ქართულმა ოცნებამ თუ არ შეწყვიტა სიძულვილის ენა სხვადასხვა ჯგუფების მიმართ, მათ შორის ტრანსი ქალების წინააღმდეგ, ამ ყოველივეს ძალიან მწვავე შედეგები მოჰყვება.
დავამატებდი, რომ ბოლო წლებში ქალთა მიმართ ძალადობის პოლიტიკა არის საგრძნობლად შესუსტებული, გააუქმეს კვოტები, გაქრა თანასწორობაზე საუბარი და მსგავსი თემატიკის საკითხები.
პოლიცია და პროკურატურა მოდუნებულია, აღარ მუშაობენ ისე ეფექტურად, როგორც წლების წინ, ეს კი აისახება სტატისტიკაზე. რაც ნიშნავს, რომ მზარდია ოჯახებში ძალადობისა და ფემიციდის რიცხვი. კესარიას შემთხვევა კლასიკური ფემიციდია და რადგან სისხლის სამართლის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი არის მმართველი გუნდი, შესაბამისად, ეს კავშირი რეალურია.
• როგორ ფიქრობთ, გახდა თუ არა საზოგადოებისა და სამართალდამცავების გულგრილობა ამ ტრაგედიის მიზეზი?
დიახ, ახლა აღმოჩნდა, რომ კესარია აქამდეც იყო ძალადობის მსხვერპლი და ჰქონდა არაერთი განცხადება გაკეთებული ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არავის რეაქცია არ ჰქონია. არასწორად შეფასებული სიტუაციისა და მოქმედების გამო და ასევე იმიტომ, რომ ზერელედ ეკიდებიან ქალთა მიმართ გამოვლენის სხვადასხვა გამოვლინებებს, დგება ასეთი ტრაგიკული შედეგები.
მკვლელს სჯიან, მაგის პრობლემა არ გვაქვს საქართველოში, რომ ქალის მკვლელი ვერ იპოვონ და ციხეში არ ჩასვან. აქ სხვა პრობლემა დგას, პოლიციის გულგრილობას ვინმე გამოიძიებს ? არ გამოიძიებენ. შემდეგ გვიწევს სტრასბურგში წასვლა, იქ ვიგებთ საქმეებს, მაგრამ მაინც არ ხდება კანონის აღსრულება. სტრასბურგმა უკვე ბევრჯერ თქვა, რომ საქართველოს აქვს სისტემური პრობლემები ქალთა მიმართ ძალადობაში, გგონიათ ეს რეკომენდაციები შეასრულა საქართველომ? არა. საქართველო არის ერთ-ერთი უკანასკნელი ქვეყანა, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ყველაზე ცუდად ასრულებს და სისტემურ ხარვეზებს არ აუმჯობესებს.
• რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულები და ფემიციდის შემთხვევები შემცირდეს?
მაგალითს გეტყვით, ჩვენთან არსებობს ელექტრონული სამაჯური, რომელიც არის უნიკალური მოწყობილობა. მისი გამოყენების დროს ქალების მკვლელობები არ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ეს მოწყობილობა ძალიან, ძალიან ცოტა თუ გამოიყენებს. რატომ? იმიტომ რომ პოლიციელი არ ეუბნება, არ უხსნის და არ იყენებს მათ. საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, სახელმწიფო არ მუშაობს მათთან, რომ იცოდნენ რამხელა რისკებს აზღვევს ერთი ელექტრონული სამაჯური. რაღაცები რასაც მივაღწიეთ , დავნერგეთ მათი გამოყენება არ ხდება. რისკების შეფასება გვაქვს ფურცელზე დაწერილი, მაგრამ იყენებს ამას პოლიცია? არა. პროკურორი ზედ არ უყურებს რისკების შეფასების კითხვარს, მაგიტომ ყოფილა შემთხვევა , სასამრთლოდან გამოსულ კაცს მოუკლავს ქალი. მარტო ფურცელზე დაწერა არ შველის, პრაქტიკაში უნდა გადმოტანა ყველაფერს.
გასულ წლებთან შედარებით გაუარესებულია მდგომარეობა. 3-5 წლის წინ შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო, შემდეგ პოლიტიკა შეიცვალა. სანამ გახარია და ნათია მეზვრიშვილი მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა წინ, შემდეგ ეს ადამიანები წამოვიდნენ მართველი გუნდიდან და ქალთა საკითხები და ქალთა ძალადობა მეათეხარისხოვანი გახდა. კობახიძეს ეს ვითარება საერთოდ არ აინტერესებს , არ აინტერესებდა ღარიბაშვილს, არც გომელაურს. ეს ყველაფერი კი სტატისტიკაზე და დანაშაულზე პირდაპირ აისახება – აღნიშნა ბაია პატარაიამ.
ცნობისთვის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ. დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.