რა პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები მოჰყვება “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გორში გაკეთებულ განცხადებას? – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მეტრონომი” კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს დაუკავშირდა. მან ჩვენთანსაუბრისას აღნიშნა, რომ ივანიშვილის განცხადება რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდა და “ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში ისეთი სამართლებრივი გადაწყვეტილებები მოჰყვება , რაც საქართველოსთვის მძიმე შედეგებს მოიტანს.
• ყველა საერთაშორისო სივრცეში, მათ შორის ჰააგაშიც, ქართულმა მხარემ დაამტკიცა თავისი სიმართლე და მაინც, რატომ ცდილობს მმართველი პარტია დაადანაშაულოს ჩვენი ქვეყანა?
რუსეთის ინტერესებია. მიზეზები სხვადასხვა შეიძლება იყოს, მათ შორის, ვალდებულებები რუსეთის სპეცსამსახურების მიმართ, რომელთანაც წლების ისტორიები აქვს და რუსეთის ხელისუფლების შიში.
• რა პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები მოჰყვება აღნიშნულ განცხადებას?
უშუალო და გარდაუვალი სამართლებრივი შედეგები ვერ მოჰყვება. პოლიტიკური შედეგი უკვე მოჰყვა. ეს ყოველივე შემდგომ როგორ განვითარდება მაგის თქვა მიჭირს, იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილი არის არამხოლოდ „ქართული ოცნების“ , ზოგადად საქართველოში ამჟამად არსებული ხელისუფლების სათავეში, ცხადია არაფორმალურად, ამ პოლიტიკურ განცხადებას შეიძლება მოჰყვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ სამართლებრივი ნაბიჯები, ეს ნაბიჯები ძალიან სახიფათო იქნება. ხელისუფლება არჩევნებამდე თავს შეიკავებს რადიკალური ნაბიჯებისგან, მაგრამ მათი დამარცხების შემთხვევაში ეს განცხადება განცხადებად დარჩება. „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში ისეთი სამართლებრივი გადაწყვეტილებები მოჰყვება , რაც საქართველოსთვის მძიმე შედეგებს მოიტანს.
• ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა ივანიშვილის განცხადებას, თქვენ როგორ შეაფასებდით აფხაზური მხარის კომენტარს?
როგორც რუსეთისთვის და ცხინვალისთვის, ისე აფხაზეთის ხელისუფლებისთვის ივანიშვილის ეს განცხადება, რასაკვირველია, სასიამოვნოა. რეაქცია, რაც მოჰყვა უკვე არის, რომ ქართველები „აზრზე მოვიდნენ“ , მაგრამ მხოლოდ ამის თქმა საკმარისი არ არის და ფიქრობენ, სიტყვებს უნდა მოჰყვეს მოქმედება ქართველების მხრიდან. ისინი ელიან არამხოლოდ პოლიტიკურ განცხადებას, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებს. ვგულისხმობ , მაგალითად ძალის არ გამოყენების ხელშეკრულების დადება, რაც, ფაქტობრივად, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება იქნება. ბუნებრივია, რომ ეს ყოველივე ასე იქნებოდა.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა გორში მხარდამჭერებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
„26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”.