ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იმედი ვიქონიოთ, რომ ივანიშვილი თავის ზრახვებში გულწრფელი იქნება” – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ბიძინა ივანიშვილის ანტიქართულ განცხადებას გამოეხმაურა.

სრული ტექსტი:

“ყურადღება გავამახვილეთ ცოტა ხნით ადრე საქართველოს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, იმის შესახებ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალებს ბოდიში მოიხადოს იმისთვის, რომ 2008 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ “ცეცხლის ალში გაახვია ოსი ძმები და დები”.

მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება პირდაპირ არ ეხება აფხაზეთის რესპუბლიკას, გვსურს აღვნიშნოთ, რომ მსგავსი განცხადება, თუ, ის შერიგებისკენ რეალური ნაბიჯებით არის გამაგრებული, წარსულის შეცდომების გადააზრებას, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხებისთვის ბოდიშის მოხდას, პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხის მეთოდებზე უარის თქმას, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას ემსახურება, შესაძლოა გახდეს მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების პროცესის დასაწყისი.

ბატონი ივანიშვილის განცხადება აჩვენებს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს შიდა გადაფასებისა და საკუთარი შეცდომების აღიარების რესურსი. როგორც ეს აქამდეც მომხდარა.

გვინდა შეგახსენოთ, რომ ჯერ კიდევ 1956 წელს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა აგვისტოს პლენარულ სხდომაზე გააკრიტიკა ქართული ხელმძღვანელობის ქმედებები ი.სტალინისა და ლ.ბერიას მმართველობის პერიოდში.

1978 წლის 27 ივნისს, ედუარდ შევარდნაძემ საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის XI პლენარულ სხდომაზე თქვა: “პირდაპირ უნდა ითქვას, რომ წარსულში, ჩვენთვის ნაცნობ პერიოდში, აფხაზი ხალხის მიმართ ტარდებოდა პოლიტიკა, რომელსაც პრაქტიკულად შეგვიძლია შოვინისტური ვუწოდოთ, მოდით ყველაფერს საკუთარი სახელი დავარქვათ, ეს პოლიტიკა არ ემსახურებოდა არც ქართველი და არც აფხაზი ხალხის ინტერესებს”. სამწუხაროდ ამ განცხადებამ ხელი არ შეუშალა ბატონ შევარდნაძეს 1992 წელს აფხაზეთში ომი დაეწყო.

იმედს ვიტოვებთ, რომ ბატონი ივანიშვილი გულწრფელია თავის განზრახვებში და აფხაზ ხალხთან მიმართებაში იპოვის სწორ სიტყვებს, რომლებიც საქმისგან არ იქნება განსხვავებული. ამ სიტყვების საფუძველზე კი, აფხაზეთსა და საქართველოს, ასევე საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის არ გამოყენების იურიდიული დოკუმენტი შეიქმნება”.

იტვირთბა....