ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოცნება კოშმარად იქცა – დღეს რაც ხდება, საქართველოსთვის ტრაგედიაა”– სალომე ზურაბიშვილი

“ქართულმა ოცნებამ” შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციის “გარდამტეხი წელი” ორგანიზატორებსა და მონაწილეებს უმასპინძლა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ტრაგედიაა, როდესაც კონკრეტული პირები მთავარ პარტნიორებს წლების განმავლობაში ომის პარტიას უწოდებენ და არაფერს ამბობენ მეზობელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს.

“ვფიქრობ, რომ წელს ძალიან განსაკუთრებული პერიოდია. არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ გადამწყვეტი და საქართველოსთვის ეგზისტენციალური მომენტია. დარწმუნებული არ ვარ, რომ ბოლო პერიოდში გვქონია ისეთი გადამწყვეტი მომენტები, როგორიც 26 ოქტომბერს გვექნება. საქართველო მართლაც გარდამტეხ მომენტშია. „ქართულმა ოცნებამ” შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა, რომელიც საქართველოს აშორებს იმას, რაც იყო მისი დიდი ხნის მიზანი და არა ოცნება. ეს არასდროს ყოფილა ოცნება. ეს იყო მიზანი, ეს იყო ამბიცია, ეს იყო მისწრაფება, არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, (30 წელზე მეტი ხნის წინ) არამედ საუკუნეების მანძილზე საქართველო ყოველთვის დასავლეთისკენ, ევროპისკენ ბრუნდებოდა და თავს ევროპულ ქვეყნად ხედავდა. ის ყოველთვის დასავლეთს უყურებდა, რადგან ყოველთვის სურდა დამოუკიდებელი ყოფილიყო იმპერიებისგან, განსაკუთრებით ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან. დღეს კი, რაც ხდება, საქართველოსთვის ტრაგედიაა”– განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, სჯერა, რომ მოსახლეობა თავის სიტყვას იტყვის არჩევნებზე და ის ენდობა ქართველ ხალხს, ამასთან, მან მოუწოდა კონფერენციის მონაწილეებს, რომ პროცესი აკონტროლონ, უნდა იყონ ყურადღებით და წარმომადგენლობითად, როგორც დღეს.

იტვირთბა....