ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ელისაშვილმა იმ პოლიციელის ვინაობა დაასახელა, რომელმას მასზე ფიზიკურად იძალადა

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა, ალეკო ელისაშვილმა ერთ-ერთი ის პოლიციელი დაასახელა, ვინც, მისი თქმით, 5 თვის წინ, კანცელარიასთან მიმდინარე ანტირუსულ აქციაზე, მასზე ფიზიკურად იძალადა. ელისაშვილის თქმით, აღნიშნული პოლიციელი კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანი, ზაქრო ჩოხელია.

ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა. მისი თქმით, ამ ხნის მანძილზე ამ უწყებამ ვერცერთი მოძალადე პოლიციელის იდენტიფიცრება “ვერ შეძლო”.

ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება მოძალადე პოლიციელებს ხელს აფარებს, თუმცა მისი თქმით, არჩევნების შემდეგ, ყველა მათგანს პასუხისგება კანონის წინაშე მოუწევს.

მეხუთე თვეა, გამოძიება იძახის ერთი მხრივ და მეორე მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ ვერაფრით ვერ დავადგინეთ, ვინ იყვნენ ის პოლიციელები, რომლებიც მონაწილეობდნენ თქვენს წინააღმდეგ ძალადობაშიო. არადა, TV პირველზე გავიდა კადრები, ექსკლუზიური, სადაც ჩანს არაერთი პოლიციელი. ზაქრო ჩოხელი, ხაშურის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე, ამჟამად კი ის არის კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. სწორედ ზაქრო ჩოხელი იყო ერთ-ერთი მათ შორის, ვინც კადრებშიც ჩანს, როგორ მირტყამს. ის გამორბის გავეშებული, მონდომებული და წაქცეულს რამდენჯერმე მირტყამს. ეს არის ძალიან დიდი დანაშაული სინამდვილეში და ამ მასალას კი მივაწვდით ამ საცოდაობა სტრუქტურას, მაგრამ არაფერი იმედი არ მაქვს, რომ ვინმეს რამე ბრალს წარუდგენენ, – თქვა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 17 აპრილს, კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ელისაშვილს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეპუტატს დაზიანებები სახის არეში ჰქონდა, აღენიშნებოდა ნეკნის მოტეხილობაც.

იტვირთბა....