ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა დღეს ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წევრებმა დღეს 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი. ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით კომისიის წევრები თანხმდებიან, რომ საკუთარი ფუნქციების შესრულებისას იმოქმედებენ მასში გაწერილი პრინციპების შესაბამისად, რაც გულისხმობს კანონის პატივისცემას, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვას, საკუთარი საქმიანობის კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართვას. ასევე, პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტს და კოლეგიალობას.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრები უკვე წლებია არჩევნების დანიშვნის შემდგომ ხელს აწერენ ეთიკის კოდექსს, თუმცა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის აღნიშნულ კოდექსში ცვლილება შევიდა, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარ საქმიანობაში მიუკერძოებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის სტანდარტი კიდევ უფრო აამაღლა.

ეთიკის კოდექსში გაწერილი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვის მაღალი ეთიკური სტანდარტი, ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის კიდევ უფრო გაზრდასა და განმტკიცებას.

2024 წლის არჩევნებამდე ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრები ეთიკის კოდექსს ერთდროულად აწერდნენ ხელს. წელს კი ხელმოწერა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, დღეს კოდექსს ხელი ცესკოს წევრებმა მოაწერეს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები კი აღნიშნულ დოკუმენტს ხელს სრულად დაკომპლექტების შემდეგ მოაწერენ.

იტვირთბა....