ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სასაცილოა. ლუკაშენკოც კი უფრო ვაჟკაცია… კადაფის შემდეგ კი, მეორედ ამას ვხედავთ…”– რომან გოცირიძე

ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ მას მოსაკლავად “გლობალური ომის პარტია” დასდევს – ამიტომაც მცხეთაში ქვემოდან ჯავშნიანი რკინები აიფარა, გვერდიდან – ტყვიაგაუმტარი შუშები, ხოლო თავზე სპეციალური ბადე გადაიფარა, რომ თავს “გლობალური ომის პარტია” დრონებითა და მოწამლული ჩიტებით არ დაესხას, – ეს შეფასება დღეს “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა.

მისი თქმით, “ერთი შეხედვით სურათი კომიკურია და პათოლოგიური შიშები სასაცილო ფორმას იღებს, მაგრამ როცა ქვეყანას ასეთი ადამიანი მართავს, საშიშია”.

„საკუთარი აკვარიუმითა და უნიტაზით კადაფი დადიოდა. სასაცილოა. ლუკაშენკოც კი უფრო ვაჟკაცია – ის შეხვედრებზე საკუთარი ტყვიაგაუმტარი, დაჯავშნილი დუშ-კაბინით არ დადის. კადაფის შემდეგ კი, მეორედ ამას ვხედავთ”, – განაცხადა გოცირიძემ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ გასამართლებისა და აკრძალვის პირობაზეც ისაუბრა და როგორც აღნიშნა, „ქართული ოცნება” ამომრჩეველს მთავარი პრობლემების გადაწყვეტის ნაცვლად, ქვეყნის დასავლეთისგან მოწყვეტასა და რუსეთში შეყვანას ჰპირდება.

„ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ოპოზიციის სრულ განადგურებას ჰპირდება. მან ფაქტობრივად მთელი ოპოზიციური სპექტრის განადგურების პროგრამა გამოაცხადა, მაშინ როცა ამომრჩევლის მთავარი პრობლემაა უმუშევრობა, მიგრაცია, ეკონომიკური და სოციალური საკითხები, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

რატომ ამბობ იმას, რაც ხალხს, მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, არ მოსწონს?! – ამბობ იმიტომ, რომ ან გარეკე – და ჩვენ ვნახეთ კაცი, რომელსაც მცხეთაში “დუშ-კაბინა” ედგა, მხოლოდ გამაგრილებელი წყალი აკლდა ზემოდან – ან ეს განცხადება მიმართულია რუსეთის საამებლად.

ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” ადრესატი არის რუსეთი და არა საქართველოს ამომრჩეველი, რაც ქვეყნის ღალატს ნიშნავს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

იტვირთბა....