მესამე დღეა, როსტოვის ოლქში, ნავთობის საცავში, ხანძრის ლოკალიზებას უშედეგოდ ცდილობენ. გადამწვარია, სულ მცირე, 22 რეზერვუარი. ქრობის პროცესში ჩართული 40 მეხანძრის სიცოცხლის გადარჩენას მედიკოსები ამ დრომდე ცდილობენ. უკრაინის ძალები რეგიონის სტრატეგიულ ობიექტებს ანადგურებენ.
კურსკის რეგიონში, მდინარე სეიმზე, სამივე ხიდი აფეთქებულია. საგანგებოდ შექმნილი კონსტრუქციები რადარის გადაღებულ ფოტომასალაზე აღარ იძებნება. მედიის მონაცემებით, უკრაინის ძალებმა სათადარიგო ხიდებიც ააფეთქეს.
უკრაინის არმიამ, ოპერაციის დაწყებიდან მეორე კვირას, კურსკის ნაწილის რუსეთისგან იზოლირება შეძლო. რეგიონში დარჩენილი 6000-კაციანი საჯარისო შენაერთები ალყაშია მოქცეული. მედიის მიერ მოპოვებულ მასალაში ჩანს, რომ რუსი სამხედროები საკუთარ დასახლებებს ძარცვავენ და რეგიონიდან გაქცევას ან ტყვედ ჩაბარებას ცდილობენ. რუსული წინააღმდეგობის ხელმძღვანელი აფტი ალუდინოვი აცხადებს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
კრემლის გადაწყვეტილებით, კურსკის ოლქში, დასახლებების ნაწილში, მოქალაქეების შესვლა აიკრძალა. კონფლიქტის ზონა 200 ათასზე მეტმა დევნილმა დატოვა. ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია სავალდებულო წესით მიმდინარეობს. ამ მომენტისთვის, რუსეთის ხელისუფლება 92 დასახლებას – საკუთარი ტერიტორიის 1250 კვადრატულ კილომეტრს ვერ აკონტროლებს.
მიმდინარე ვითარებაზე პასუხისმგებლობას მოსკოვში შეერთებულ შტატებსა და ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს აკისრებენ. ამის ფონზე, დასავლეთი კიევის მხარდაჭერას განაგრძობს. ცნობილი ხდება, რომ გერმანია უკრაინას, უახლოეს ვადებში, “აირისის” ტიპის რაკეტებისთვის 4 კომპლექსს, ჩეხეთი კი 800 ათას ნაღმს გადასცემს.
ამერიკული მედიის მონაცემებით, კურსკის ოლქში 6 ათასი უკრაინელი სამხედროა შესული. კიდევ 4 ათასი, რუსეთის მოსაზღვრე სუმის ოლქიდან, საცეცხლე მხარდაჭერას უწევს. სამხედრო ექსპერტების მოსაზრებით, რუსეთს რეგიონის დასაბრუნებლად, თვეები და, სულ მცირე, 20 ათასი გამოცდილი ჯარისკაცი დასჭირდება.