ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ევოლუშენის” გაფიცული თანამშრომლები დიდუბეში ერისთავის ქუჩის გადაკეტვას აანონსებენ

„ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლების ნაწილი 39-ე დღეა, გაფიცულია. სამი მათგანი მეშვიდე დღეა შიმშილობს. თუ 20:00 საათამდე, ხელისუფლება, საქართველოს პრეზიდენტი და სახალხო დამცველი პროცესებში არ ჩაერთვებიან, გაფიცულები დიდუბეში ერისთავის ქუჩის გადაკეტვას აანონსებენ.

გაფიცულების მხრიდან აღნიშნული პირობის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირი „ლაბორი“ ავრცელებს.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჩაერთოს კრიტიკულ ზღვრამდე არსებული პრობლემის მოგვარებაში, არ დაუშვას მოშიმშილეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენება, რადგან უკვე ყოველი წუთი გადამწყვეტია მოშიმშილეებისთვის.

მივმართავთ ხელისუფლებას, საქართველოს პრეზიდენტს და სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ ჩაერთონ პროცესებში დღეს 20:00 საათამდე, რადგან გვექმნება იძულება, მოშიმშილეთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად გადავკეტოთ დიდუბის ცენტრალური გზა.

ვიცით, რომ დაგვაკავებთ, თუმცა მზად ვართ მოშიმშილეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად“, — ამბობენ პროფკავშირში.

მოშიმშილეების მდგომარეობას იქვე მობილიზებული სასწრაფო დახმარების ბრიგადები აკონტროლებენ. როგორც გაფიცულები ამბობენ, მოშიმშილეებს პერიოდულად მკვეთრად ეცემათ სისხლში შაქრის დონე  და 5-დან 8 კილომდე წონის კლება აღენიშნებათ, რაც თავად მათივე თქმით, მოსალოდნელი იყო და ისინი ამისთვის მზად იყვნენ.

„არცერთი ჩვენგანი, თუნდაც ცუდად გახდომის შემთხვევაში, საღ გონებაზე აქედან სასწრაფოს არ გაჰყვება, თუ არ გაგვიტანენ. ნუ გვაიძულებთ ამ მდგომარეობამდე მისვლას“, — ამბობს ერთ-ერთი მოშიმშილე, თამარ ანსიანი.

დღეს, 19 აგვისტოს გამთენიიდან „ევოლუშენ ჯორჯიას“ იმ ოფისთან, სადაც მენეჯერები არიან განთავსებული, “სოლიდარობის ჯაჭვია” ორგანიზებული, რაც გაფიცულებმა გუშინ დააანონსეს. ამ აქციის ფარგლებში კომპანიის H შენობაში თანამშრომლებს არ უშვებენ.

„დღეს სოლიდარობის ჯაჭვის მეშვეობით არ ფუნქციონირებს კომპანიის H შენობა, ანუ შენობა, სადაც მენეჯერები მუშაობენ, რომელთა (ნაწილი) დასაქმებულებს შეურაცხყოფას აყენებდა, ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ და არაფერს აკეთებდნენ, ამცირებდნენ. დღეს შენობაში ვერ შევიდნენ“, — წერს პროფკავშირი „ლაბორი“.

რამდენიმე დღის წინ, გაფიცულებს შეხვდა და ესაუბრა კოალიცია “ძლიერი საქართველოს” საარჩევნო შტაბის სპიკერი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი. კიდევ ერთი პარტია, რომელიც საკითხს გამოეხმაურა, არის “საქართველოსთვის”. პარტიის ლიდერები პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებენ და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. დღეს გაფიცულებთან მივიდნენ პლატფორმა „ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობის“ და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები.

„ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცულმა თანამშრომლებმა შიმშილობა 13 აგვისტოს, დღის 12 საათიდან დაიწყეს. შიმშილობის დაწყების შესახებ ანონსი 8 აგვისტოს გაავრცელეს.

შიმშილობის დაანონსებიდან მეორე დღეს, 9 აგვისტოს, “ევოლუშენ ჯორჯიამ” განცხადება გაავრცელა და პროფკავშირს არამართლზომიერ ქმედებებში დასდო ბრალი, რასაც, კომპანიის თქმით, კომპანიის შეფერხება, ბიზნესპარტნიორების დაზარალება მოჰყვა. შედეგად კი “ევოლუშენმა” დააანონსა 1000 ადამიანის შემცირება და საოპერაციო საქმიანობის ნაწილის სხვა ქვეყნებში გადატანა.

„ევოლუშენ ჯორჯია“ არის აზარტული თამაშების დისტანციური სერვისების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც საქართველოში 2017 წელს შემოვიდა. მხოლოდ საქართველოში კომპანიას 8000-მდე თანამშრომელი ჰყავს. თანამშრომელთა ნაწილმა დააფუძნა პროფესიული კავშირი „ევო-კავშირი“.

12 ივლისიდან „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. პროფკავშირის ინფორმაციით, გაფიცულია ათასობით თანამშრომელი. გაფიცულთა მთავარი მოთხოვნა ღირსეული სამუშაო პირობებია. მათ პირველ რიგში, ანაზღაურების ზრდა სურთ. გარდა ამისა, გაფიცვის მონაწილეები ითხოვენ მეტ დროს შესვენებისთვის, სამუშაო სივრცეში სანიტარული და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხო და კომფორტულ სამუშაო გარემოს, სამუშაო სივრცეში ჯანსაღი კვების უზრუნველყოფასა და საკვებ ვაუჩერებს, სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას, დისკრიმინაციისა და ღირსების შემლახველი დამოკიდებულებებისგან თავისუფალ გარემოს.

ამ უკანასკნელზე საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა სქრინები, სავარაუდოდ, “ევოლუშენ ჯორჯიას” მენეჯმენტის საერთო ჩატიდან, სადაც ისინი თანამშრომლებს შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიებენ და დასცინიან.

წყარო: ნეტგაზეთი

იტვირთბა....