გამოცემა “სოვას” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის მიერ რუსული “ეფ ეს ბეს” აგენტად გამოცხადებული ყოფილი გენერალური პროკურორი ორ თანმხლებ პირთან ერთად საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან მდებარე ერთ-ერთ კაფეში დააფიქსირეს.
“ათი წელია გასული მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძე აღარ იკავებს საქართველოში მთავარი პროკურორის თანამდებობას, აქედან გამომდინარე, სპეკულაციებისთვის სივრცე არ არსებობს” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „ოთარ ფარცხალაძე ჩამოვიდა საქართველოში, ადამიანი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს საქართველოს მოქალაქეობა, საქართველოს პასპორტი და ამერიკის მიერ არის რუსეთის ჯაშუშობაში მხილებული პირი. როგორ შემოაღწია მან საქართველოში?“.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთის მოქალაქეები თავისუფლად შემოდიან საქართველოში ვიზის გარეშე.
„რუსეთის მოქალაქეები შემოდიან საქართველოში. როგორც მოგეხსენებათ, მოქმედებს უვიზო რეჟიმი, რომელიც, სხვათა შორის, ჯერ კიდევ სააკაშვილმა შემოიღო 2012 წელს სრული მასშტაბით. შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეები თავისუფლად შემოდიან საქართველოში ვიზის გარეშე. მოგეხსენებათ, რომ ახლა უკვე ოპოზიციაც უჭერს მხარს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში უვიზოდ შემოსვლას“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.