თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მემორიალური სვეტი გაიხსნა. სვეტი მის დაბადების დღეზე, დღეს, 18 აგვისტოს გაიხსნა. ის დღეს 40 წლის გახდებოდა.
„გიორგი ანწუხელიძე და ჩვენი ეროვნული გმირები ქვეყნის ენერგიის წყარო არიან. ესენი აცოცხლებენ და აღვივებენ საუკუნეების მანძილზე დაგროვილ უზარმაზარ ეროვნულ მუხტს.
მარადიული ხსოვნა იყოს თქვენი! ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ თქვენი ღირსნი ვიყოთ და თქვენი გზა ჩვენც გავამართლოთ!“ – დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა, მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ ფეისბუკგვერდზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი კი წერს, რომ ანწუხელიძე მომავალი თაობებისთვის იქცა სამშობლოსთვის თავდადების, სულიერი სიმტკიცის, პატრიოტიზმის მისაბაძ მაგალითად:
„სწორედ, გიორგი ანწუხელიძეზე, მისნაირ მამაც სამხედროებსა და გმირებზე დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა“.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში, რუსმა და ოსმა სამხედროებმა ცხინვალში წამებით მოკლეს.
გიორგი ანწუხელიძის ცხედრის გადმოსვენება 2008 წლის ნოემბერში მოხერხდა. მისი წამების ამსახველი ვიდეოკადრები კი ინტერნეტში 2009 წელს გავრცელდა.
სიკვდილის შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.