ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა ქონებას ფლობს ეკატერინე ხვედელიძე რუსეთში – OOCRP-ის გამოძიება და პასუხი “ქართულ ოცნებას”

ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტი (OOCRP) საქართველოს მმართველ პარტიას, რომელმაც ბიძინა ივანიშვილისა მისი მეუღლის რუსულ ქონებაზე ჟურნალისტურ გამოძიებას “ცრუ ინფორმაციაზე დაფუძნებული” უწოდა, განცხადებით პასუხობს.

OCCRP-ის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” არ უპასუხა კომენტარის მოთხოვნას, ან დაზუსტებას, თუ რომელ ინფორმაციას მიიჩნევენ მცდარად.

OCCRP-მა და მედიის პარტნიორებმა 9 აგვისტოს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე რუსეთში მინიმუმ 14.7 მილიონი დოლარის ღირებულების ქონებას ფლობს, მათ შორის მიწის ნაკვეთს, რომელიც მას ამ წლის დასაწყისში გადაეცა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც ეხმაურება OCCRP-ის გამოძიებას, “ქართული ოცნების” პრესსპიკერმა, გიორგი გრძელიშვილმა დაწერა: “1998 წლის შემდეგ “ქართული ოცნების” დამფუძნებელს რუსეთში არანაირი ქონება არ უყიდია” და დასძინა, რომ “სტატია ეფუძნება ცრუ ინფორმაციას”.

OCCRP-ის პასუხში აღნიშნულია, რომ გამოძიება ეკატერინე ხვედელიძის ქონებაზე ჩატარდა და მათ არ განუცხადებიათ, რომ ივანიშვილმა უძრავი ქონება თავად შეიძინა.

ორგანიზაციის გამოქვეყნებულ პასუხში ასევე წერია, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებამ გამოავლინა ინფორმაცია ხვედელიძის ქონების შესახებ, მათ ასევე მოიხსენიეს 2022 წლის ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ივანიშვილი ფლობდა რუსულ კომპანიას ოფშორული სტრუქტურის მეშვეობით. ფირმის ამჟამინდელი მფლობელი უცნობია, თუმცა ფინანსური ჩანაწერების საფუძველზე სავარაუდოა, რომ ის კვლავ ივანიშვილს, ან მის ოჯახს ეკუთვნის.

“მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო გამოძიების მთავარი დასკვნა, თბილისის მერმა და “ქართული ოცნების” წევრმა კახა კალაძემ, როგორც ჩანს, გამოიყენა ეს ასპექტი, რითაც ყურადღება გადაიტანა ხვედელიძის ქონებიდან,” – წერია OCCRP-ის პასუხში.

იტვირთბა....