ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ შეიძლება არ გაგახსენოთ, რომ ეს სოფელი აღდგენილია უცხო აგენტების ფულით, მადლობა მათ” – პრეზიდენტი ერგნეთში

საქართველოს პრეზიდენტი ერგნეთის 2008 წლის აგვისტოს მუზეუმს ესტუმრა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ამ მუზეუმის დათვალიერება ძალიან მტკივნეულია და ეს ის მეხსიერებაა, რისი დაკარგვის უფლება არცერთ ჩვენგანს არ აქვს. ამასთან, მისივე თქმით, არ შეიძლება არ გვახსოვდეს, რომ ერგნეთი ომის შემდგომ აღდგენილია უცხოური დაფინანსებებით, რისთვისაც ის დონორებს მადლობას უხდის.

“ეს მეხსიერებაა, რომლის დავიწყება არ შეიძლება და არც შეგუება შეიძლება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არ არის, როგორც ბრძანა ბატონმა პრემიერმა, მოცემულობა, ეს არის ის, რასაც არასოდეს არ შევეგუებით და არ შეგუება ნიშნავს, რომ ყოველდღიურად უნდა ვფიქრობდეთ რა შეიძლება გაკეთდეს არა იმისთვის, რომ რაღაც ომით თუ ძალით დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები. ამ ტერიტორიების დაბრუნება, უფრო სწორად აქ და იქ მოსახლეობის გაერთიანება იწყება აქ, ამ სოფლის გაძლიერებით, იწყება იმ ადამიანებით რომლებიც ჯერ კიდევ აქ ცხოვრობენ და რომლებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა, პროგრამები, ახალგაზრდების ადგილზე დარჩენა. იქით მცხოვრები ადამიანებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა ქართველები არიან თუ ოსები, იმათთვისაც უნდა გვქონდეს გზავნილები, მათი მომავალი, როგორც ჩვენი მომავალი არის ევროპაში და ეს საბოლოო გამაერთიანებელი იქნება.

კიდევ ერთხელ, არა ომი, არა კონფლიქტი, არამედ ჩვენი იდენტობა, ეკლესიების დაცვა. მე მაინტერესებს, როდის იყო ბოლოს, როცა ჩვენმა კულტურის მინისტრმა იუნესკოს მიმართა იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ეკლესიები გინდაც აფხაზეთში, გინდაც ოსეთში. რა კეთდება ამ მიმართულებით, რა კეთდება ქართული ენისთვის, რა კეთდება იმისთვის, რომ აქედან (მაგალითად მარტივი რამ) ტრანსპორტი დაინიშნოს, ეს ხომ არ არის ძნელი, ეს ხომ არ მოითხოვს რაღაც ისეთ ძალისხმევას რაც არ შეგვიძლია?! სად არის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი, რა კეთდება ყოველდღიურად, რა სტრატეგია გვაქვს ჩვენ აქ იმისთვის, რომ გაძლიერდეს ეს რეგიონი?!

კიდევ ერთი რამ, არ შეიძლება არ გაგახსენოთ ისიც, რომ ეს სოფელი მთლიანად აღდგენილია უცხო აგენტების ფულით, მადლობა მათ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

იტვირთბა....