ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ერგნეთში პრეზიდენტს ელოდებიან

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში პრეზიდენტს ელოდებიან. ის მოინახულებს 2008 წლის აგვისტოს ომის მუზეუმს, მუზეუმი 7 წლის წინ გაიხსნა ერთ-ერთი გადამწვარი სახლის სარდაფში. სალომე ზურაბიშვილი შეხვდება ადგილობრივ მოსახლეობასაც.

აგვისტოს ომის მუზეუმის დირექტორი, ლია ჩლაჩიძე ამბობს, რომ “დენთის კასრზე” ცხოვრობენ, რადგან არ იციან ხვალ პუტინი რას მოიმოქმედებს.

“როდესაც შემოვიდნენ რუსი ოკუპანტები და სეპარატისტები, მთლიანად იავარქმნეს სოფელი, გაანადგურეს 160 სახლი, დაწვეს ადამიანი დახოცეს, ჩემი მეზობელი გოგო პაპა საკუთარ ლოგინში გამოწვეს. რამდენი რამე გავიხსენოთ და დღეს ჩვენ მივდივართ ისევ, რაღაც, ასე თუ ისე რუსეთისკენ, მივდივართ, რომელიც ძალიან მიუღებელია, პირადად ჩემთვის მიუღებელია, მე მეუღლე მომიკლეს ამ ომში, სახლ-კარი გადამეწვა”, – ყვება ომის მუზეუმის დირექტორი, ლია ჩლაჩიძე.

დღეს, 7 აგვისტოს, ომიდან 16 წლისთავზე საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლები გორაკა და საკორინთლო მოინახულა, შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათი პრობლემები მოისმინა.

მისი თქმით, აგრძელებენ ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მონიტორინგს და ცდილობენ იმ პრობლემების ადვოკატირებას, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს.

“სამწუხაროდ 16 წლის თავზე, ჩვენ ისევ გვიწევს საუბარი ოკუპაციაზე, რომელიც მოქალაქეებისთვის, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის არის ნამდვილად დამანგრეველი. დამანგრეველი ბევრი თვალსაზრისით. დაწყებული უსაფრთხოებიდან დასრულებული მათი დევნილობით და ამ ყველაფერს საბოლოოდ ართულებს ის გარემოება, რომ პერიოდულად ჩვენ ვხედავთ ისეთ მოვლენებს, სიტუაციის ისეთ გამწვავებებს, როგორიც ვნახეთ კირბალში, სამწუხარო ფაქტი, როდესაც თამაზ გინტური იქნა მოკლული”, – თქვა იოსელიანმა.

წყარო: მთავარი არხი

იტვირთბა....