ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჰამასმა ახალ პოლიტიკურ ლიდერად იაჰია სინვარი დაასახელა

ისმაილ ჰანიას მკვლელობის შემდეგ ჰამასმა ახალ პოლიტიკურ ლიდერად იაჰია სინვარი დაასახელა. ის 7 ოქტომბრის თავდასხმის ერთ-ერთი შემოქმედია. აქამდე სინვარი ჰამასს ღაზის სექტორში მეთაურობდა.

7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ სინვარი ღაზაში იმალება. ისრაელის თავდაცვის ძალებმა თებერვალში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, როგორ გადაადგილდებოდა სინვარი ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად ერთ-ერთ მიწისქვეშა გვირაბში. IDF-ში პირობას დებდნენ, რომ მას ცოცხალს ან მკვდარს დაიჭერდნენ.

სინვარი პოლიტბიუროს მეთაურად ჰამასის 50-კაციანმა შურას საბჭომ აირჩია.

31 ივლისის გამთენიისას ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია თეირანში აფეთქებას ემსხვერპლა. ერთი დღით ადრე ჰანია, რომელიც წლების განმავლობაში კატარში ცხოვრობდა, ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ჩავიდა. თავდაპირველად გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ ჰამასის ლიდერი რაკეტამ იმსხვერპლა, შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ სიკვდილი დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას მოჰყვა.

ჰანიას სიკვდილის გამო ირანი რეგიონის მარიონეტებთან ერთად ისრაელზე იერიშისთვის ემზადება.

იტვირთბა....