ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შოვის ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგაც კი, ტრაგედიაზე პასუხისმგებელი არც ერთი პირი არ გამოვლენილა” – საია

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” შოვის ტრაგედიიდან ერთი წლის გასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ დრომდე ტრაგედიაზე პასუხისმგებელი არც ერთი პირი არ გამოვლენილა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ არასამთავრობო სექტორის არაერთი მოწოდების მიუხედავად, კვლავ პრობლემურია საქმეზე მიმდინარე გამოძიების კვალიფიკაცია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საგამოძიებო ორგანო არ არის დაინტერესებული სრულად და ყოველმხრივ აწარმოოს გამოძიება.

საიას შეფასებით, პრობლემურია, რომ ქვეყანას კვლავ არ გააჩნია ადრეული გაფრთხილების სისტემები, რაც უზრუნველყოფს ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული საფრთხეების პრევენციას/მინიმუმამდე შემცირებას და წარმოადგენს,როგორც საქართველოს კანონმდებლობიდან, ასევე, სენდაის ჩარჩო – პროგრამიდან გამომდინარე ვალდებულებას.

საია წერს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული 2021 წლის გეოლოგიური ბიულეტენის მიხედვით, “შოვი სტიქიური გეოლოგიური პროცესებით განსაკუთრებით დაძაბულ უბნებს მიეკუთვნება”. ბიულეტენში საუბარია მდ. დღვიორასა და მის კალაპოტში განვითარებული ღვარცოფული პროცესებიდან შოვის ინფრასტრუქტურისთვის შექმნილ საფრთხეზე, აშკარაა, რომ კურორტი შოვი მაღალი რისკის ქვეშ მოქცეულ უბანს განეკუთვნება და აქ აუცილებელი იყო შესაძლო რისკებისა და საფრთხეების სრულყოფილად გამოკვლევა, ანალიზი და მონიტორინგი. საიას ცნობით, უცნობია, აღნიშნული რისკის ადეკვატურად სამართავად რა ღონისძიებები გაატარეს პასუხისმგებელმა სახელმწიფო უწყებებმა.

“დღეის მონაცემებით, საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებში არ იკვეთება, რომ შესწავლილი და შეფასებულია, თუ რის საფუძველზე დამტკიცდა 2022 წლის 18 დეკემბერს კურორტ შოვის განაშენიანების გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა მომხდარი სტიქიის ზონაში სასტუმროს ტიპის საცხოვრებლების მშენებლობის უფლების გაცემას, გეოლოგიურ ბიულეტენში იდენტიფიცირებული რისკის მიუხედავად.

საყურადღებოა შოვის ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მიერ ტრაგედიის ადგილზე გაცემული დაპირებები, მათ შორის, მშენებლობასთან დაკავშირებით, იმის ფონზე, რომ შოვის ტერიტორიაზე არსებული მშენებლობების დროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირების მხრიდან რისკების მიმართ გულგრილ დამოკიდებულებასა და საფრთხის შემცველი მშენებლობების შესაძლო უგულვებელყოფასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა არსებობდა.

ასევე, უცნობია სტიქიური პროცესების განვითარებამდე მიმდინარეობდა თუ  არა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საჭირო ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება მოსალოდნელი ბუნებრივი კატასტროფის რისკების დასადგენად; რატომ ვერ მოხდა საფრთხის დროული იდენტიფიცირება, რა სისტემური ხარვეზები არსებობს ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების დროს და რა პრობლემებს აწყდებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ამ პროცესში ან რა ნაბიჯები გადაიდგა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად.

გარდა ამისა, წლების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა კონკრეტულად მდ. ბუბისწყლისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ ინფორმაციას ხშირად აწვდიდა ადგილობრივ ხელისუფლებას, მოითხოვდა მდინარის ნაპირების გამაგრებასა და, ზოგადად, შოვში გარემოს მდგომარეობით დაინტერესებას. ამის მიუხედავად, კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, რატომ ვერ მოხდა თვითმმართველობის  ორგანოების მხრიდან აღნიშნული რისკებით დაინტერესება” – წერს ორგანიზაცია.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მოუწოდებს:

  • სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს – უზრუნველყოს ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება მოსალოდნელ ბუნებრივ კატასტროფათა რისკების დასადგენად; მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება, რა გამოწვევები არსებობს ამ მხრივ და რა ნაბიჯები გადაიდგა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათ აღმოსაფხვრელად.
  • მუნიციპალიტეტებს – შეიმუშაონ უსაფრთხოების პასპორტები. მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია, თუ რა გაკეთდა ამ მიმართულებით და რა ეტაპზეა მათი შემუშავების პროცესი.
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს – მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, თუ რა გაკეთდა ადრეული შეტყობინების სისტემის შემუშავებისთვის და რა ეტაპზეა აღნიშნული პროცესი.
  • პროკურატურას და საგამოძიებო ორგანოებს – მიაწოდონ საზოგადოებას სრული ინფორმაცია ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და მათი შედეგების შესახებ, ასევე, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე (განსაცდელში მიტოვება) და 342-ე (სამსახურებრივი გულგრილობა) მუხლებით გათვალისწინებული კვალიფიკაციით.
იტვირთბა....