“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” „შპს “ევოლუშენ ჯორჯიას” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაცია შრომის ინსპექციას მოუწოდებს, კომპანია “ევოლუშენ ჯორჯიას” მიერ შრომის კანონმდებლობის დარღვევის შესაძლო ფაქტების დროულად შეუწავლოს.
“ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლების გაფიცვა 2024 წლის 12 ივლისიდან მიმდინარეობს და მასში, პროფესიული კავშირის “ევოუნიონის” მიხედვით, 4600-ზე მეტი დასაქმებული მონაწილეობს.
კომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს სახელმწიფოს მხრიდან მშრომელთა უფლებების დაცვის კუთხით აქტიური პოლიტიკის განხორციელების საჭიროებას.
მოვუწოდებთ:
„შპს “ევოლუშენ ჯორჯიას” , აქტიურად ითანამშრომლოს გაფიცულებთან მათთვის ღირსეული და უსაფრთხო შრომის პირობების შექმნის მიზნით;
შრომის ინსპექციას , დროულად შეისწავლოს “ევოლუშენ ჯორჯიას” მიერ შრომის კანონმდებლობის დარღვევის შესაძლო ფაქტები და ჰქონდეს ეფექტიანი რეაგირება მათზე;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს , დროულად შეისწავლოს “ევოლუშენ ჯორჯიას” მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტები და ჰქონდეს ეფექტიანი რეაგირება მათზე.
გაფიცვის უფლების განხორციელბისთვის უკანონოდ ხელის შეშლა, ან/და პირის იძულება, თავი შეიკავოს გაფიცვისგან, წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს”, – ნათქვამია განცხადებაში.
გაფიცულები “ევოლუშენ ჯორჯიას” სრული პარალიზებით იმუქრებიან – კომპანიის თანამშრომლები რამდენიმე დღეში კიდევ უფრო მასშტაბურ პროტესტს აანონსებენ. მენეჯმენტისთვის მიცემული ვადა პირველ აგვისტოს იწურება. თუ ამ დროისთვის მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, “ევოლუშენის” გუნდის აბსოლუტური უმრავლესობა პროტესტს შეუერთდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომპანია მუშაობას ვეღარ გააგრძელებს.
კომპანიის ხელმძღვანელობა პირობებს არ იღებს. ყოველ შემთხვევაში, ამ დრომდე გაფიცულ თანამშრომლებთან დიალოგი არ შემდგარა. მოთხოვნების სია კი გრძელია და 45 პუნქტისგან შედგება. მათი უმეტესობა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ეხება. პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში პროტესტის მონაწილეები პირველ აგვისტოს სოლიდარობის ჯაჭვს გეგმავენ, სადაც ათასობით გაფიცული თანამშრომელი გაერთიანდება.

