ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სოსო ბაბაევს ბრალი ისევ წარუდგინეს, ამჯერადაც იარაღთან დაკავშირებით

სოსო ბაბაევს გორის სამხარეო პოლიციაში სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით ბრალი წარუდგინეს, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას. აღნიშნული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება და გორის სასამართლო იმსჯელებს რა აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებს ბაბაევს.

„ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, ეს არის რუსული ტერორიზმი საქართველოში, რუსული გავლენების გაძლიერება საქართველოში. არ უყვართ კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები, პროევროპულად, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები, არ უყვართ და უნდათ, რომ გააჩუმონ ნებისმიერი გზით.

პისტოლეტი უკანონოდ ჩაგიდეთო და ავტომატი ჩაგიდეთ კანონიერადო. გასაგები ენით რომ გითხრათ, ასეა. მედავებიან ავტომატს, რომელიც თვითონვე ჩადეს ჩემს მანქანაში.

მზად ვარ ამათგან ყველანაირი ამოუცნობი ნაბიჯისთვის. მზად ვარ, ვიდავო სასამართლოში”, — ამბობს სოსო ბაბაევი.

გორელი ბიზნესმენი და აქტივისტი სოსო ბაბაევი 4 ივნისს, ღამით დააკავეს. ბაბაევის თქმით, დაკავებისას და განყოფილებაში გადაყვანისას პოლიციელები მას რამდენიმე საათის განმავლობაში სცემდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, ახსენებდნენ ანტირუსულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას, სოციალურ ქსელებში ხელისუფლებისა და სპეცრაზმის წინააღმდეგ გაკეთებულ კომენტარებს.

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ლევან დარბაიძის გადაწყვეტილებით, უკანონოდ იქნა ცნობილი სოსო ბაბაევის წინააღმდეგ მოპოვებული მტკიცებულებები — ის იარაღები, რომელიც, შსს-ს ვერსიით, ბაბაევის ჩხრეკისას ამოიღეს და რასაც ჩადებულს უწოდებს თავად აქტივისტი. პროკურატურას მისთვის ბრალის წარდგენის საშუალება არ მიეცა და ბაბაევი გაათავისუფლეს.

მოგვიანებით, 14 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის სარჩელი, რომლითაც პროკურატურამ გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ლევან დარბაიძის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. შესაბამისად, პროკურატურას მიეცა ბრალის წარდგენის საფუძველი.

„სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ შემთხვევაში უკვე მოხდა ბრალის წარდგენა იოსებ ბაბაევისთვის. ამ შემთხვევაში მხოლოდ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღზე. რამდენადაც პისტოლეტთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომაც კი მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა ამ იარაღის უკანონო ჩადებას. გარდა ამისა, შემოთავაზება იყო, მონაწილეობა მიგვეღო საგამოძიებო მოქმედებაში, როგორიც არის ნერწყვის აღება, რაზეც, რა თქმა უნდა, განვაცხადეთ უარი და დავაფიქსირეთ, რომ არ ვენდობით იმ გამოძიებას, რომელმაც თავიდანვე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციით დაიწყო ამ საქმის წარმოება და ბაბაევისთვის ბრალის წარდგენა“, — ამბობს ადვოკატი ლექსო მერებაშვილი.

ადვოკატ კახა კალმახელიძის თქმით, საქმეში ახალი მტკიცებულება არ არსებობს და ვერც იარსებებს.

„რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, ამ უფლებამოსილებას გამოიყენებს თუ არა ბრალდების მხარე, მათზეა დამოკიდებული. მიგვაჩნია, რომ აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ არსებობს“, — ამბობს კახა კალმახელიძე.

იტვირთბა....