ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსული კანონის აქციებზე დაკავებული პირები პატიმრობაში დატოვეს

სასამართლომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირები პატიმრობაში დატოვა.

დღეს, 2 ივლისს გაიმართა 19 და 23 წლის ახალგაზრდების პროცესი, რომლებსაც ბრალდება პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული დროებითი რკინის ჯებირის დაზიანებას ედავება — ბრალის დადგენილების მიხედვით, ზიანი, რომელიც სახელმწიფოს მიადგა 400 ლარია:

„პროკურორის შუამდგომლობა იყო მათი პატიმრობაში დატოვება, ჩვენ გირაო მოვითხოვეთ, მაგრამ სასამართლომ არ დააკმაყოფილა. გულწრფელად რომ გითხრათ, არანაირი არგუმენტი არ ჰქონდა პროკურორს წარმოდგენილი, მხოლოდ შაბლონური მითითებები რომ მიმალვის საფრთხე არსებობს, მაშინ, როცა ერთ-ერთი მათგანი იმ ქმედებიდან ორი დღის შემდეგ დააკავეს რის, ჩადენასაც ედავებიან. რა მიმალვაზეა საუბარი, არანაირი სამართლებრივი არგუმენტი არ მოგვისმენია“ — ამბობს DRI-ს იურისტი თათია კონიაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

ამ თემაზე წაიკითხეთ: 6 წლამდე ციხე 150-ლარიან ზიანზე — სადავო ნორმა, რომელიც მარტის აქციების შემდეგ მიიღეს

გუშინ, 1 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მარტის აქციებზე სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული სამი პირის პროცესი გაიმართა. ორ მათგანს ბრალდება სათვალთვალო კამერის დაზიანებას ედავება, ერთს კი პოლიციელზე ძალადობას.

როგორც ადვოკატი შოთა თუთბერიძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ამბობს, ზიანი, რომელიც სახელმწიფოს ნივთის დაზიანებით მიადგა 1 000 ლარს მცირედით აჭარბებს და გამაოგნებლად მიიჩნევს იმას, რომ ამგვარი სავარაუდო დანაშაულის ბრალდებით ადამიანები უკვე მესამე თვეა პატიმრობაში იმყოფებიან.

თუთბერიძის თქმით, დაცვის მხარემ სასამართლოს  გირაოს შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მოსამართლემ ბრალდებულები კვლავ პატიმრობაში დატოვა:

„ყველა დაკავებულს პატიმრობის ვადა გაუგრძელდა არსებითი განხილვის ეტაპზეც, რაც არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ აღმკვეთი ღონისძიების მიზანი არის ადამიანების დასჯა.

ამ სამართალწარმოებას არაფერი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასთან. მათ ედავებიან კამერის დაზიანებას და სულ ეს არის პრინციპში მისი დანაშაული. გამაოგნებელია ის, რომ ამ სავარაუდო დანაშაულისთვის უკვე მესამე თვეა ბრალდებული იმყოფება პატიმრობაში,“ — აცხადებს თუთბერიძე.

რაც შეეხება მესამე პირს, რომელსაც პოლიციელზე ძალადობას ედავებიან, ადვოკატი აღნიშნავს, რომ არც ამ შემთხვევაშია მართლმსაჯულების პროცესი სამართლიანი და მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ პოლიციელისთვის დაზიანების მიყენება ფაქტებით არ დასტურდება.

იტვირთბა....