ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

19 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდების დასჯის ოპერაციას გრძელდება. 19 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. ახალგაზრდა გურიიდან, რომელიც საზოგადოებამ ცნობილი კადრებით, საქართველოს დროშით ხელში გაიცნო, ბრალს არ აღიარებს. რუსული კანონის მოწინააღმდეგე და მისი უფლებადამცველი ირწმუნებიან, რომ ბუბუტეიშვილს პარლამენტის ეზოში მყოფი მეხანძრისთვის ქვა არ უსროლია.

პროცესზე ადვოკატი პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ბუბუტეიშვილის გარდა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს კიდევ ხუთი დაკავებულის საქმეზე მსჯელობენ. ერთ-ერთი იყო გიორგი გარსევანიშვილის პროცესი. ადვოკატი ამბობს, რომ გარსევანიშვილს დაზარალებულის სტატუსი აქვს, თუმცა ამის მიუხედავად დამნაშავე პოლიციელები არ დასჯილან.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, როდესაც აქციიდან მიდიოდა სახლში და გამოძახებული ჰყავდა ბოლტის აპლიკაციით ტაქსი, მას სამართალდამცავი ორგანოს ერთ-ერთი წარმომადგენელი მიუახლოვდა, ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში, იძალადა მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად და ცემის შემდგომ დაუკავშრდა სხვა ეკიპაჟს წარმომადგენელს და გადასცა უკვე დაკავებული პირი. დღეს ადმინისტრაციულმა ორგანომ წარმოადგინა სასამართლოში ორი მოწმე, დამკავებელი პირი და შემსწრე პირი. ორივემ მისცა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება სასამართლოს. ერთმა განაცხადა, რომ გიორგი გარსევანიშვილი აგინებდა ხელისუფლების წარმოამდგენლებს, მეორემ განაცხადა, რომ ის პოლიციას აგინებდა, შესაბამისად, ჩვენ ველოდებით სამართლიან გადაწყვეტილებას, – ამბობს ადვოკატი.

საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული პირების პროცესები ამ წუთებშიც გრძელდება.

იტვირთბა....