თბილისის მერიის განცხადებით, 30 ივნისის ღამეს, ფეხბურთის გამო მუნიციპალური ავტობუსის ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმუშავებს.
“მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი, ფეხბურთის გამო, 30 ივნისის ღამესაც გახანგრძლივებული დროით იმუშავებს.
ქართველი გულშემატკივრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგი თამაშის ღია ჩვენებას, 30 ივნისს კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან.
ტერიტორიაზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სტადიონის გარეთ კი მოეწყობა კვების ზონა. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
ესპანეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის 30 ივნისს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.
იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, ავტობუსები: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388, პირველი ივლისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს გერმანიის ქალაქ კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება,” – წერია განცხადებაში.