თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მოშიმშილე წევრებმა უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში ღამე გაათენეს.
შვიდმა სტუდენტმა შიმშილობა გუშინ საღამოს რექტორის გადადგომის მოთხოვნით დაიწყო. მათი თქმით, შიმშილობას მანამდე გააგრძელებენ, სანამ აღნიშნული მოთხოვნა არ შესრულდება.
რექტორის გადაყენებას ითხოვს „აუდიტორია 115“-ც, თუმცა რეფორმირების შემდეგ. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის კი სასწავლებლებსაც და განათლების სამინისტროსაც ორ თვიან ვადას აძლევენ.
უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში კი განმარტავენ, რომ ეს რთული პროცესია და შესაძლოა ვერ მოესწროს ორ თვეში.
„აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლის მარიამ გულიაშვილის განცხადებით, ის, რასაც უნივერსიტეტის თვითმმართველობა აკეთებს მიუღებელია.
“ჩვენ მათ მივიჩნევთ არალეგიტიმურ ორგანოდ. ეს არის იმ სისტემის ნაწილი, რომლის რადიკალურ ცვლილებასაც ვითხოვთ საკანონდებლო დონეზე, შესაბამისად, მათი ეს მესამე ეტაპის შიმშილობის დაწყება არის ფსევდორადიკალური მოქმედება, რომელიც მიმარულია იმისკენ, რომ გამოიწვიონ უნივერსიტეტში დესტაბილიზაცია. ჩვენ თუ ადრე ვყვიროდით “არ გადადგე რექტორო და მართე უნივერსიტეტი”, ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩვენ იმ პერიოდში ვებრძოდით უნივერსიტეტში დესტაბილიზაციას, რადგან სტრუქტურული რეფორმის განხორციელებისთვის აუცილებელია გარკვეული სტაბილურობის შენარჩუნება. გარდამავალი პერიოდიც ზუსტად იმას ითვალისწინებს, რომ დამთავრდეს რეფორმირების პერიოდი საკანონდებლო დონეზე და ამ პერიოდის დასრულებისთანავე, ჩვენ ვითხოვთ პოლიტიკურ პირობას უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და რექტორისგან, რომ ისინი დატოვებენ თანამდებობებს”,- განაცხადა მარიამ გულიაშვილმა.
მისივე თქმით, თუ არ შესრულდა ეს მოთხოვნები, ისინი სტუდენტურ გაფიცვას დაიწყებენ.
შეგახსენებთ, რომ თსუ-ში რამდენიმე ხნის წინ, სტუდენტების ფართომასშტაბიანი აქციები მიმდინარეობდა. ისინი უნივერსიტეტში ე.წ. „ოდეერის“ არსებობას აპროტესტებდნენ. აქცია ორად იყო გაყოფილი, სტუდენტური თვითმმართველობის წევრები და მათი მომხრეები რექტორის გადადგომას ითხოვდნენ, „აუდიტორია 115“-ის სტუდენტები კი – უნივერსიტეტში სისტემურ ცვლილებებსა და თვითმმართველობის მიერ უნივერსიტეტის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას.